ლევან დავითაშვილი - ჩვენ გვყავს ახალი ინვესტორი, რომელიც ყულევის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობას განახორციელებს, ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რა გეგმაც გვქონდა თავის დროზე
ლევან დავითაშვილი - ჩვენ გვყავს ახალი ინვესტორი, რომელიც ყულევის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობას განახორციელებს, ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რა გეგმაც გვქონდა თავის დროზე

ყულევის საკითხზე, ჯერ კიდევ 2012 წელს მოხდა ტერიტორიის გამოყოფა სახელმწიფოს მხრიდან „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიისთვის“, შემდგომში ეს ჩანაცვლდა სხვა კომპანიით, თუმცა ვერ მოხდა იმ პირობების შესრულება, რომლებიც მთავრობამ განუსაზღვრა ინვესტორებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოებს ჩაიბარებს „ბლექ სი პეტროლეუმი“, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაცემულ ვალდებულებებს შეასრულებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპლექსურად განვითარებულიყო ისეთი წარმოება, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში მიიღებდა მნიშვნელოვან მონაწილეობას. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით არსებულ ინვესტორთან მოლაპარაკებებს და კომპანიის მიერ იყო შემოთავაზება ახალ კომპანიაზე, რომელიც მზად არის, განახლებული პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება და საქართველომ მიიღოს ის, რაც გვინდოდა, ანუ ახალი სამრეწველო კომპლექსი, სადაც მოხდება თანამედროვე პირობებში ნავთობპროდუქტების გადამუშავება. ეს იქნება რამდენიმეფაზიანი პროექტი, რომელსაც განვითარების სხვადასხვა ეტაპი ექნება და, საბოლოოდ, ჩვენ ძალიან მაღალი დონის და კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ. პირველ ეტაპზე იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც ჩაიდება, სულ მცირე, 30 მილიონი დოლარი და  შემდეგ ეს ტერიტორია განვითარდება სამრეწველო კუთხით. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ჩვენ გვყავს ახალი ინვესტორი, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს და უკვე რეალური შედეგები გვექნება. ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რა გეგმაც გვქონდა თავის დროზე. კომპანიას ჰქვია „ბლექ სი პეტროლეუმი“, ეს არის კომპანია, რომელიც განახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.