ლევან დავითაშვილი - ჩინეთში გაიმართა სხდომა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასაც, ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს
ჩინეთში, პირველად რვა წლის შემდეგ, გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ჩინეთის მხრიდან ხელმძღვანელობდა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო, აქედან წარმოდგენილი იყო ეკონომიკის სამინისტრო. კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის ყველა მიმართულება დავფარეთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და პოტენციალი ძალიან დიდია.
„ჩინეთი იწყებს პანდემიიდან გამოსვლას, ეს არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, რომელიც საკმაოდ მაღალი ზრდით ხასიათდება. ასე რომ, ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, პირველად გაჟღერდა ჩინეთში, რომ ტრანსკასპიური დერეფანი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის. დაინტერესება ჩინეთის ბიზნესის და ჩინეთის სამთავრობო წრეების ამ დერეფნის განვითარებაში არის ძალიან დიდი. შესაბამისად, ეს არის მეტი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. კარგი და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამენ დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც. ჩვენი თანამშრომლობის პროექტები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთში გამართულ სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის ჩინეთთან ვიზების გაუქმების საკითხს.
„ჩვენ ვისაუბრეთ საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებაზე, ტურიზმის სექტორზე. ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო ვიზების გაუქმებაზე, არის ძალიან პოზიტიურად აღქმული და უკვე აისახა შედეგებშიც. ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარი ასევე შეეხო, რომ სარკისებურად განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება, რისი იმედიც მაქვს, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ძალიან პოზიტიური იყო კომისიის მუშაობა და დაიგეგმა კომისიის სხდომების რეგულარულად ჩატარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.