ლევან დავითაშვილი - ცეცხლზე ნავთის დასხმა იმ დროს, როცა ვხედავთ, რა რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ფერმერები, ვფიქრობ, ელემენტარულად არ არის მორალური
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ, თითქოს სპეციალურ საბითუმო-სავაჭრო ქსელს „ჯიბე“ მონოპოლია აქვს.
მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, უპასუხისმგებლოდ იქცევა.
„ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ ოპონენტები. ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე მოვლენები, რომლებიც განვითარდა ქვემო ქართლში გუშინ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად. თუმცა ვფიქრობ, ეს არ გამოვა, რადგან მათი მცდელობა აბსოლუტურად არამორალური, სულ მცირე, უპასუხისმგებლოა და პოლიტიკურ ეთიკას სცილდება.
იმ დროს, როდესაც ვხედავთ, რა რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ფერმერები და ყველაზე მეტად ეს ჩვენთვის არის გულის სატკივარი, გულწრფელი ვართ ფერმერებთან და ვეუბნებით, რომ რაღაც ილუზიებში არ უნდა ვიყოთ და დღეს-ხვალ იდეალური სიტუაცია არ გვექნება. გვესმის, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში მძიმდება და ამას საპასუხო ნაბიჯები იქნება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმა, ვფიქრობ, ელემენტარულად არ არის მორალური, განსაკუთრებით ფერმერებთან მიმართებაში. ამ ნარატივიდან არის ზუსტად კითხვაც, რომ კონკრეტულად ვინმემ მიიღო გადაწყვეტილება და რომელიმე ქსელს რამე ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ჩვენი მხრიდან არანაირი გადაწყვეტილება ამაზე არ ყოფილა, არავინ შეგვირჩევია, პირიქით, ერთადერთი, რასაც ვცდილობთ, კომუნიკაციის აწყობაა, ამ შემთხვევაში ფერმერებსა და ორგანიზებულ მყიდველებს შორის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, „ჯიბე“ არის ერთ-ერთი მყიდველი მრავალთაგან, რომელიც დღეს ქვემო ქართლიდან პროდუქციის რეალიზებაში ფერმერებს ეხმარება.
„იცით, რომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო პირობებია, არის შეზღუდული მობილობა, იქიდან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ ფერმერებთან აქედან შეიძლება, კონკრეტული სავაჭრო ქსელები ჩავიდნენ ან კონკრეტული დისტრიბუტორები და მყიდველები, სწორედ მათ მოახდინონ პროდუქციის შეძენა და რეალიზება. ძირითადი ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილისა და ბოსტნეულის სეგმენტში, მათ ძირითადად აქვთ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის მშრალი პროდუქტის რეალიზება, ხორცპროდუქტების ან რძის პროდუქტების რეალიზება აწყობილი. ამ შემთხვევაში „ჯიბე“ არის კომპანია, რომელმაც მოახდინა შედარებით სწრაფად გადალაგება. იცით, რომ ერთ-ერთი იშვიათი „ქეშ ენდ კერი“-ს ფორმატის მაღაზიაა, ანუ რომელიც საბითუმო ვაჭრობის პრინციპზეა დამყარებული და არა საცალო ვაჭრობის პრინციპზე, თორემ ეს შეიძლება იყოს „ჯიბე“ ან ნებისმიერი სხვა მაღაზია. „ჯიბე“ უბრალოდ დაემთხვა, რომ არის საბითუმო ფორმატის მაღაზია და ორგანიზებულად უფრო მეტი პროდუქცია შეიძინა და გამოიტანა, ვიდრე სხვა წვრილმა მყიდველებმა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ათობით კომპანიაა, რომელიც ახორციელებს შესყიდვას მოსახლეობისგან.
„შემიძლია ათობით კომპანია ჩამოგითვალოთ და ამაზე სამინისტროც მოგაწვდით ინფორმაციას სურვილის შემთხვევაში, რომელიც ახორციელებს შესყიდვას მოსახლეობისგან. არანაირი ექსკლუზიური უფლება არავის არ გააჩნია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კომპანიას, რომლებიც თავად ახდენენ მოსახლეობიდან პროდუქციის წამოღებას, როდესაც შეზღუდვის გამო, სამწუხაროდ, შუალედური რგოლი ვერ ფუნქციონირებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.