ლევან დავითაშვილი - ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უმაღლესი ხარისხის არის და სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნოდ ოპონენტები მიუღებელ გზებს მიმართავენ
ლევან დავითაშვილი - ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უმაღლესი ხარისხის არის და სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნოდ ოპონენტები მიუღებელ გზებს მიმართავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაზეც საუბრობს, ბუნებრივია, ეს არის საფუძვლიანი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო პროცესებში ოპონენტები მიმართავენ მიუღებელ ხერხებსა და გზებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა არის უმაღლესი ხარისხის.

„ეს დადასტურდა ბოლო წლებში კანონის უზენაესობის მაქსიმალური პატივისცემის პირობებში საერთაშორისო სასამართლოებში მიმართვიანობით, მიღებული გადაწყვეტილებებით, გამოტანილი გადაწყვეტილებებით და სტატისტიკით, რომელიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, რაზეც საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბუნებრივია, ეს არის საფუძვლიანი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო პროცესებში ოპონენტები მიმართავენ მიუღებელ ხერხებსა და გზებს.

განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება, წარმოიდგინო ქვეყნის, ან პირის მიმართ და ეს არის ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევები. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნაადრევია საუბარი და, მით უმეტეს, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, შევაფასო პროცესი, ვიდრე გამოძიება დასრულდება. თუმცა, პოლიტიკური შეფასება ცალსახად არის ძალიან პირდაპირი – ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება, მაგრამ სამწუხაროა და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვიკვირს, რადგან არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ადგილი აქვს ასეთ მიუღებელ შემთხვევებს და პოლიტიკური პროცესების ძალიან დაბალ სტანდარტს. ვფიქრობ, ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სწორი არჩევანი შემოდგომაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.