ლევან დავითაშვილი - „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში გამოცდილი, კვალიფიციური კანდიდატები შევარჩიეთ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იურიდიული პროცესი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში კანდიდატები უკვე შერჩეულია.
მინისტრის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს იურიდიული პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სამუშაოს სათანადოდ შესასრულებლად, კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან შერჩეული.
„დიახ, ჩვენ შევარჩიეთ კანდიდატურები. ეს ადამიანები არიან გამოცდილი, კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები, რათა ის სამუშაო, პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ, სწორად და სათანადოდ შეასრულონ. შესაბამისად, ჩვენ ეს კანდიდატები წარდგენილი გვყავს. როცა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს. ამ დღეებში ალბათ უნდა დასრულდეს, იურიდიული პროცესი მიმდინარეობს. იგივე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წილის მიღებაზე, სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებაზე „ბორჯომთან“ და ასე შემდეგ. ეს იურიდიული პროცესია, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან და საქართველოს იურიდიულ სივრცესთან დაკავშირებული. იცით, საერთაშორისო კომპანიაა „ბორჯომის“ მფლობელი კომპანია, მშობელი კომპანია, შესაბამისად, ის რეგისტრირებულია სხვა იურისდიქციაში, ამიტომ მე ვერ გეუბნებით, როდის დასრულდება ის ლეგალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ დავაზიანოთ მიმდინარე პროცესი და ვიყოთ კორექტულები, მათ შორის იურიდიულად კორექტულები, როგორც კი დასრულდება, ჩვენ აუცილებლად ინფორმაციას მოგაწვდით. აქ არაფერი დასამალი არ არის. ვფიქრობ, ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი, სერიოზული შერჩევის პროცესი, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. როგორც კი ეს იქნება დასრულებული, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მეტ ინფორმაციას მივაწვდით. მათ შორის ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან „ბორჯომის“ დირექტორატში, თვითონ შეძლებენ კომუნიკაციას როგორც ჟურნალისტებთან, ისე საზოგადოებასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.