ლევან დავითაშვილი ბოლნისსა და მარნეულში სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს ბოლნისსა და მარნეულში ჩავა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კარანტინის ზონაში პროდუქტების მიწოდების პრობლემა არ არსებობს.
„სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. ყველა ქსელური მაღაზია გამართულად მუშაობს. მიწოდების არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება, თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია. აქვე გეტყვით, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იყოს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმისა და სახის მიწოდების პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დაიწყებს დეზინფექციის ღონისძიებებს.
„მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების, ასევე ისეთი ადგილების დეზინფექცია მოხდება, რომელიც საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.