ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„არსებულ ვითარებაში ყველა მწარმოებელს რთულ პირობებში უწევს მუშაობა. საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორი იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მეწარმეებს და მომწოდებლებს არ შეექმნათ პრობლემა და, მეორე მხრივ, მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საწარმოები შეუჩერებლად მუშაობენ, მარაგები საკმარისია და მიწოდებაში შეფერხება არ იქნება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.