ლევან დავითაშვილი - ბევრი ეტაპი გვექნება გასავლელი, რომ საქართველოში სრულად აღმოვფხვრათ არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება
ბევრი ეტაპი გვექნება გასავლელი, რომ საქართველოში სრულად აღმოვფხვრათ არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ კომპანიების ინფორმაციით, იმპორტიორებს აკრძალვის მიუხედავად, მაინც შემოაქვთ პოლიეთილენის პარკები.
მინისრტის თქმით, პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ეს არ არის მარტივი საკითხი. ძალიან რთული გეგმა, ამოცანა დავისახეთ, რომ ქვეყანაში მოხდეს ელიმინაცია საერთოდ ასეთი ტიპის პარკების. სამწუხაროდ, გარემოს დაცვითი აღქმა, პასუხისმგებლობა არც ისე მაღალ დონეზეა, ეს უნდა ვაღიაროთ. ეს არის ზომა, რომელსაც სხვა ქვეყნებიც მიმართავენ, განსაკუთრებით იქ, სადაც მსგავსი ტიპის პრობლემები არის. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნება მიმოფანტულია პარკებით. ის რაც მეტად გვეამაყება, ხელშეუხებელი ბუნება, ნამდვილად მძიმე მდგომარეობაშია იგივე პოლიეთილენის პარკების გამო. ამიტომ ძალიან მკაცრ ზომაზე წავედით, ეს არის საკმაოდ რთული ამოცანა სახელმწიფოსთვის, – განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, რთული რეგულაციების ამოქმედებას სჭირდება ბევრი კომუნიკაცია, ბევრი მხარის ჩართულობა და ერთობლივი მუშაობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობაც.
„დაწყებული გვაქვს საკმაოდ დიდი სამუშაო, მათ შორის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გარემოს ეროვნულ სააგენტოში. მადლობა იტალიის მთავრობას, მივიღეთ მნიშვნელოვანი გრანტი ასეთი ლაბორატორიის მოსაწყობად საქართველოში. პარალელურად, ის, რაც მოკვლევადია და დოკუმენტურად შეგვიძლია გავაკონტროლოთ, ხორციელდება, მათ შორის საბაჟო უწყებების მიერ. სერტიფიკატები და დოკუმენტები, რომელიც მოჰყვება საქონელს, საბაჟო უწყებებმა უნდა გააკონტროლონ საზღვარზე. ასევე ჩართულია ნარჩენების მართვის დეპარტამენტი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, იმპორტის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მიუღებელია და ამაზე შესაბამისი ორგანოები მოახდენენ რეაგირებას.
„ცალსახად მიუღებელია, რომ იმპორტი იყოს პრეფერენციულ მდგომარეობაში, შემოიტანონ და გაასაღონ ისეთი პროდუქცია, რომელიც რეალურად მომხმარებელს შეიყვანს შეცდომაში. ამაზე, რა თქმა უნდა, არის საჭირო შესაბამისი ორგანოების რეაგირება. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საწარმოო პროცესზე. კონტროლის ნაწილში შეიძლება, გარკვეული კორექტირება შევიტანოთ, რომ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს სახელმწიფო უწყების როლი და იმ უწყებების როლი, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ გაკონტროლების შესაძლებლობა, მკაფიოდ გამოჩნდეს დადგენილებაში. ასე რომ, ალბათ, ბევრი ეტაპი გვექნება გასავლელი, რომ საქართველოში სრულად აღმოვფხვრათ არაბიოდეგრადირებადი პარკის გამოყენება და ხშირ შემთხვევაში, ეს ჩანს ხოლმე პრაქტიკაში. მესმის, რომ ვნებათაღელვა იქნება დიდი, კრიტიკაც იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება სარეალიზაციო ქსელებში კონტროლს, რომ აღარ მოხდეს პლასტიკის პარკის გამოყენება, მინისტრის თქმით, დღეისთვის, ეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურების კომპეტენციაა, თუმცა საჭიროა იურიდიული დაზუსტებები, რომ პრაქტიკაში წარმოქმნილი საკითხები დარეგულირდეს და გაუმჯობესდეს.
„ამაზე გვაქვს დიალოგი, ურთიერთობა და შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, რომ სწორედ იმ უწყებებმა აღასრულონ, რომელთაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ. შეიძლება, დღეს არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს შესაძლებლობები უნდა შეიქმნას, ამიტომ ვმუშაობთ, მათ შორის შემოსავლების სამსახურთან, რადგან საცალო ვაჭრობას ისინი სხვადასხვა მიმართულებით ამოწმებენ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. რეგულირების წესის დარღვევა იწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება.