ლევან დავითაშვილი - ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებდა უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე და ბაზირებული იყო ამ ქვეყნებში, მუშაობა მიდის, რომ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ
სხვადასხვა ლოჯისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანამ მაქსიმალურად მოახდინოს რესურსების ოპტიმიზაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები გაერთიანებულები არიან რომ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო როგორც ჰაბი, ისე განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის.
„ეს არ არის ორდინალური და არ არის მარტივად პროგნოზირებადი სიტუაცია. ეს არის სიტუაცია, რომელიც ძალიან დინამიურია. მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება და კონკრეტულ გამოწვევებზე გვექნება რეაქციები. ამიტომ, მთავრობა და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საგანგებო რეჟიმში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებდა უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე და ბაზირებული იყო ამ ქვეყნებში, საუბარია ბრიტანულ, გერმანულ და სხვა კომპანიებზე, ინტენსიურად მუშაობა მიდის, რომ მათ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ და საქართველომ ამით მიიღოს ამა თუ იმ სექტორის განვითარების შესაძლებლობა, ასევე გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები, მოხდეს კომპეტენციების ტრანსფერი, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. საბოლოოდ, ეს ეკონომიკაში უნდა იყოს თავისი წვლილის შემტანი. ჩვენ ძალიან ორგანიზებულად ვმუშაობთ უცხოელ ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები გაერთიანებულები არიან და ორგანიზებულად ვაკეთებთ ამას და ალბათ, უკეთესად გავაკეთებთ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომ ამ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო როგორც ჰაბი, ისე განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის. ეს უფრო წარმატებით მიმდინარეობს მომსახურების სფეროში, ცოტა უფრო გრძელვადიანია საწარმოების კუთხით, თუმცა აქაც მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, სხვადასხვა ლოჯისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანამ მაქსიმალურად მოახდინოს რესურსების ოპტიმიზაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.