ლევან დავითაშვილი - აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, არ იცავდნენ რეგულაციებს, ღარიბაშვილს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა და ამაზე დაყრდნობით საუბრობდა
აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ჩვენ ტელეეთერებიდან დავინახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველანაირად იგნორირებული იყო სოციალური დისტანცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.
„ზოგადად, პანდემიის გავრცელებას ხელს უწყობს მასობრივი აქციები და როდესაც მასობრივი ღონისძიებები უკონტროლოა, არ ხდება რეგულაციების დაცვა. გარკვეულ პრეზენტაციებზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, რეგულაციების დაცვით ხდება პრეზენტაციების წარდგენა, დაცულია სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და ასე შემდეგ. აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ჩვენ დავინახეთ ტელეეთერებიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველანაირად იგნორირებული იყო სოციალური დისტანაცია, რადგან არ ხდებოდა დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება და რა თქმა უნდა, ამას აქვს ხელშემწყობი ეფექტი პანდემიის ზრდის კუთხით. ამისი კონკრეტული ფაქტები არსებობს აქციის მონაწილეთა დაინფიცირების სახით. შესაბამისად, პრემიერს ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც ეს განცხადება გააკეთა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, რაც რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგიცაა.
„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, მინდა, აღვნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.