ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მივიღეთ ის, რასაც ყველა ველოდით, რადგან სახელმწიფოს პოზიცია იყო აბსოლუტურად მყარი, არბიტრაჟმა მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება
ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მივიღეთ ის, რასაც ყველა ველოდით, რადგან სახელმწიფოს პოზიცია იყო აბსოლუტურად მყარი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის განსავითარებლად მაქსიმალური პირობები შეექმნა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არაერთხელ გადაავადა ვალდებულებების შესრულების ვადა.
„ის, რომ კონსორციუმს პროექტის განვითარების კუთხით რაიმენაირად ეზღუდებოდა სამუშაოების წარმართვა, ეს არის საფუძველს მოკლებული. ამიტომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ძალიან ცალსახად მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ყველა სპეკულაცია ალბათ უნდა დასრულდეს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა. აქ ძალიან მარტივია, რომ იურიდიულად ეს საკითხი ასე იყო თუ პოლიტიკურად სხვანაირად, მე არ მესმის, უბრალოდ, ასეთი განცხადების შინაარსი, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც არის სახელშეკრულებლო ურთიერთობებით განსაზღვრული. ამაზე მსჯელობს ნებისმიერი სასამართლო და არბიტრაჟი და ამ ფარგლებში მოქმედებს ყველა მხარე. აქ ცალსახა შეფასება მიიღო ამ პროცესმა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, – „დაესვა თუ არა წერტილი პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან ოპონენტები აცხადებდნენ, რომ საქართველოში პორტის არაშენება რუსეთის ინტერესია და ხელისუფლება ითვალისწინებს ამ ინტერესს?“ – დავითაშვილმა აღნიშნა, რომ „უსაფუძვლოა ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, საზოგადოებაში ეს სპეკულაციები არ იყიდებოდა“.
„ამის შემდეგ, მით უმეტეს, ვერ გაიყიდება. თუმცა ვიღაცას თუ ექნება მცდელობა ამ თემის გაგრძელების, ან ამ კუთხით, ან სხვა ჭრილში, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებთ. ერთი რამ ცხადია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, თანმიმდევრული, პრინციპული და საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ვფიქრობ, მოსახლეობის წინაშე როგორც იყო გაცხადებული პროექტის განვითარება, ისე განვითარდება პორტი და საპორტე ინფრასტრუქტურა. ჩვენ მივიღებთ ამ პორტში ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ პორტი არის უფრო მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური ეკოსისტემის ერთი დიდი ნაწილი. ვფიქრობთ, იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობები, ლოგისტიკური ოპერაციები სამრეწველო, საწარმო ოპერაციების განსავითარებლად. ეს იქნება პირველი ბიძგი და მუხტი. სამშენებლო სამუშაოები ამ მიმართულებით საინვესტიციო განწყობებს მნიშვნელოვნად გაამყარებს და ეს იქნება დადებითი მესიჯი, დადებითი გზავნილი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.