ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ტენდერი უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოცხადდება
ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხისას კითხვებს პასუხობს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, მათ ეს სამუშაო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაასრულონ და მოხდება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო წარმართავს, შეირჩევა მშენებელი კომპანია.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან.
„ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, უკვე უახლოეს ხანებში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ფინანსებს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის განვითარებისთვის. პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა ასევე განმარტა, რომ პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და, შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტში იქნება მონაცემები წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის დაფინანსება კი, მინისტრის ინფორმაციით, გათვალისწინებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში, რაც ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაშია.
„განახლებულია, მათ შორის, პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ, MTBS-მა განაახლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდგომში უკვე ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების შემცირება, რადგან კონკურსი იქნება და კონკურენციის პირობებში შეიძლება შემცირდეს. 589 მილიონი დოლარი – ეს არის პროექტის პირველი ფაზის ღირებულება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.