ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით მიმდინარეობს
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა და ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
მისივე თქმით, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შესარჩევი პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სრულად თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროპულ დირექტივებთან.
„2022 წელს გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაოები კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. გვყავდა მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი – კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs. ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან იყო წარმოდგენილი განაცხადი, სადაც დასაზუსტებელი იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, ამისთვის მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და, საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი, შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
„შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები. ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხობს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.