გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაცხადებული ინიციატივით ქვეყანაში ბევრი სოციალური საკითხის გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, პროგრამაზე რამდენიმე სამინისტრო იმუშავებს.
როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, წლის ბოლოსთვის იქნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს.
„საქმე ეხება იმ ახალ ინიციატივას, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სოციალური საკითხის გაუმჯობესება შეგვიძლია, მოვახერხოთ. ეს არის საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ წარმატებით განახორციელა. შესაბამისად, ამაზე იმუშავებს რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის გუნდი სპეციალისტებთან ერთად. რა თქმა უნდა, ძირითადად იქნებიან წარმოდგენილი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მაგრამ ასევე ჩართული იქნებიან ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ჩვენი სამინისტრო. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს ხანებში, წლის ბოლოსთვის გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს. კერძოდ, მინდა, განვმარტო, რომ ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერებული იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სოციალური პირობები უნდა გაუუმჯობესდეთ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანებს, რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, რა თქმა უნდა, მოხდეს მუშაობასთან ერთად კვალიფიკაციის გამართლება, ადამიანების გააქტიურება. ჩვენ ასეთი ადამიანი დაახლოებით 200-250 000 გვყავს, ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია სტრუქტურა სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი ადამიანების, რომლებიც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადსხვა რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოების ჩართულობა, რაც ეკონომიკის გასავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია. დავითაშვილის განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში მთავარი პირობაა, რომ ადამიანების სოციალური მდგომარეობა კიარ გაუარესდეს, არამედ აუცილებლად გაუმჯობესდეს.
„ჩვენ ერთობლივად, ერთობლივი ძალებით ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება საზოგადოების ჩართვა, ჩართულობა, რომელსაც ძალა შესწევს, რომ აკეთოს საქმე ქვეყნის ასაშენებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის განსავითარებლადაც. ჩვენ დავინახეთ, რომ დეფიციტი იყო ბევრ სამუშაო ადგილზე, როგორიც არის იგივე კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობა იქნება, გადამამუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის ჩვენი ბუნების მოვლის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სუფთად შევინახოთ. ასევე ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის უკეთესად მოვლას, დაცული ტერიტორიების უკეთესად მოვლას და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, გარკვეული კვალიფიკაცია ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მივცეთ და შემდგომში მათი შემოსავალი მათი სამუშაო შესაძლებლობების შედეგად გაიზარდოს. მთავარი პირობა, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, არის, რომ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდეს და არანაირად არ უნდა გაუარესდეს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. შესაბამისად, მათი შემოსავალი სულ მცირე უნდა გაიზარდოს. ეს არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ამოსავალი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერ პროექტის შესახებ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია, რაც მუშა პროცესში უნდა დადგინდეს.
მისივე თქმით, პროექტის ფარლგლებში ჯანდაცვის სამინსიტროს დასაქმების პოლიტიკის კუთხით არაერთი რამ უკვე გაკეთებულია.
„რაც შეეხება ბევრ დეტალს, ეს უნდა დაზუსტდეს მუშა პროცესში. ჩვენ რომ დღეს მზად ვიყოთ, მაშინ გვექნებოდა პროექტის პრეზენტაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ წლის ბოლოსთვის. გვაქვს გარკვეული მონახაზი, ამაზე ნამუშევარი გვაქვს და ამიტომ განვაცხადეთ დღეს საზოგადოებასთან, რომ ასეთი მოდელი ქვეყანაში ამუშავდება. ბევრი რამ ჯანდაცვის სამინსიტროს დასაქმების პოლიტიკის კუთხით გაკეთებული უკვე აქვს, აქვს დამუშავებული ბაზები, შეიქმნა ვორკ-ნეტი, სპეციალური ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, სადაც არის შეფასებული ამ შრომისუნარიანი მოსახლეობის კონკრეტული შესაძლებლობები და ასე შემდეგ. თუმცა ასევე ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ამ ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება როგორც მუნიციპალურ, საჯარო დონეზე, ასევე შეიქმნება კერძო სექტორში. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 000-იანი არმია ადამიანების, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკაში, წინსვლაში უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი. ეს ეტაპობრივად მოხდება, ერთ დღეში 200 ათასი ადამიანის დასაქმებას ვერ შევძლებთ, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მასშტაბური იყოს გადაწყვეტილებები და შესაბამისად, რაც შეიძლება მალე ამ ადამიანების მაქსიმალური ჩართვა მოვახერხოთ.
რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა იცის, ძალიან დიდი მოთხოვნაა დასაქმების სექტორთან, თუმცა ადეკვატურად ვერ ხდება მიწოდება. ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ, ვიმუშავებთ და ეს სტრუქტურა ისე უნდა ავაწყოთ, რომ მათ შორის კერძო სექტორისთვისაც გაჩნდეს შესაძლებლობა, დაასაქმოს ადამიანები, მაგრამ მოდელი უნდა იყოს ამისთვის წამახალისებელი. დარწმუნებული ვარ, იქნება ასეთი წამახალისებელი, რადგან თუ ამ ადამიანებს აქვთ რისკი და შიში იმისა, რომ შეიძლება სოციალური დახმარება შეუწყდეს, თუ დროებით სამუშაოზე დათანხმდება, ყველანაირად უნდა მივცეთ გარანტიები, რომ ასე არ იქნება.
რაც შეეხება ხელფასს, ყველანაირი შეიძლება იყოს. ხელფასს ახლა რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით. ერთი პრინციპი გითხარით, რომ შემოსავლები არ შემცირდება, გაიზრდება. უფრო დეტალურ ინფორმაციას გეტყვით, როდესაც დავამუშავებთ პროექტს და გვექნება პრეზენტაცია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც ეს იქნება სხვადასხვა ბაზრიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ სრულად სამუშაო ძალის, ვგულისხმობთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, ეკონომიკაში ჩართვა მოვახერხოთ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. შეიძლება ეს იყოს დაახლოებით ორი წელი. მომავალ წელს, 2022-ში დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ და ამისთვის ყველა სტრუქტურა იქნება მზად. თუ შრომისუნარიანია ადამიანი, იქნება არჩევანის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებმა სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის გააკეთონ არჩევანი, მაგრამ თუ ადამიანი შრომისუნარიანია, არსებობს სამუშაო და ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ იქნება მოდელის ნაწილი. არსშივე არალოგიკურია ამგვარი სისტემის არსებობა. ჩვენ გავითვალისწინებთ სხვადსხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკებს. ეს არის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები. გვაქვს რამდენიმე მოდელი, მაგრამ არ მინდა, ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, რადგან სწორედ ამისთვის იქმნება ის უწყებათაშორისი კომისია, რომელზეც პრემიერი საუბრობდა. დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა შექმნან ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.