ლევან დავითაშვილი - ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება
ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს მოქალაქეების საქმიანობაზე, საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩვენთან დღეს ჩამოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, ალბათ საინტერესოა იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ ან საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილი გახლდათ და გახსნილია. ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უკვე ათწლეულებია, რათა მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის და ასეთი გახსნილი, ლიბერალური, მათ შორის სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ზოგადად ქვეყანას. ამიტომ ადამიანები თუ რეჟიმს რეალურად გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტოლერანტობა ყოველთვის ასეთი იყო, რომ ჩვენ ეროვნების მიუხედავად ან სხვა ნებისმიერი მახასიათებლის მიუხედავად, ეს იქნება რელიგია თუ სხვადასხვა, მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება.
მისივე თქმით, ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი.
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველსავე დღეებში სწორად დაიწყო აღსრულება იმავე სანქცირებული ბანკების მიმართ გადაწყვეტილებების ნაწილში, მათ შორის საქართველოში ოპერირებადი ბანკების კუთხით და პროცესი წარვმართეთ ერთი მხრივ ისე, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესი არ დაზიანდნენ. მეორე მხრივ, ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მიიღეს ამ საფინანსო ინსტიტუტების მიერ ისე, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვანი სანქციების თუ გადაწყვეტილებების ნაწილი იყო. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ სუფთა თავისი რეკორდი. ამას ძალიან მკაფიოდ აკონტროლებს შსს. ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ და ასევე, საქართველოში საქმიანობა იქნება შესაბამისობაში ჩვენს მოთხოვნებთან, უპირველესად, საკანონმდებლო მოთხოვნებთან და იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან, რომლებიც არსებობს. მგრძნობიარეა სიტუაცია, გვესმის, ამიტომ ყურადღება არის უფრო მეტად გაზრდილი ჩვენი მხრიდან და ამ კონტექსტში გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.