„რიყის დოქებში“ სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის განთავსება იგეგმება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, „რიყის დოქების“ აუქციონთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. მისივე თქმით, სააუქციონო პირობებში ცვლილებები შეიტანეს, რადგან წინა აუქციონის პირობებით ინვესტორი ვერ დაინტერესდა.
ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ წარმატებული აუქციონის შედეგად ისტორიული ადგილიც გაცოცხლდება.
„რიყის ტერიტორიაზე დოქების აუქციონის პირობებში შევიტანეთ ცვლილება. ამას მთავრობის შესაბამისი განკარგულება დასჭირდა. მთავრობაზე ვიმსჯელეთ, რადგან წინა აუქციონის შედეგად, ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ინვესტორების დაინტერესება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც არსებობს დაინტერესებულ მხარეებთან, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით. წარმატებული აუქციონის შედეგად, ამ ისტორიული ადგილიც გაცოცხლდება. ჩვენ აქაც გვინდა, რომ მორიგი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ. აქაც განსაზღვრულია როგორც ტექნოლოგიური, ასევე სხვა ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობა, ასევე ღვინის მუზეუმის მოწყობა. ეს არის თემა, რომელზეც ხშირად საზოგადოებაში იყო პოლემიკა, საუბარი, იმიტომ რომ ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც მსოფლიოში შეიძლება იყოს, რაც ეროვნულ მუზეუმში არის შენახული, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ინტერეაქტიული, სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს მნახველებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით.
ვფიქრობ, აქ იარსებებს სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კერძო ინიციატივით გაკეთდა საკმაოდ კარგი სივრცეები თბილისშიც და საქართველოს ტერიტორიაზეც, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეხება. ვფიქრობ, დიდი, მსხვილი, მასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება. შეიძლება, ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს სწორედ ქართული ღვინის მუზეუმს და ქართული ღვინის თემატიკას.
ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც ასევე ძალიან ბევრი მნახველი, ვიზიტორი ჩნდება თბილისში. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მნიშნვნელოვანი მონაპოვრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ,მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, რომელიც არის დაინტერესებული ამა თუ იმ მიმართულებით, ხელოვნებით, ტექნიკით, ტექნოლოგიები, ღვინის თემატიკით და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი და სულ მცირე 20-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
„ასეთი შინაარსიანი ობიექტები, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის დინამიკას. აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი და პირობა არის, რომ სულ მცირე 20-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილე მხარემ გარანტიები წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში, ანუ 36 თვისა, უნდა განხორციელდეს აუქიცონის პირობით განსაზღვრული ობიექტების რეალიზება, მათ შორის იმ ინვესტიციების განმტკიცება, რაც ამ პირობიდან გვაქვს მოცემული. ეს არის არანაკლებ 20 მილიონისა. თუმცა ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. მათ შორის იმ ამბიციური პროექტის განხორციელებას, რომელიც ქართული ღვინის მუზეუმია, რომელიც ხელოვნების მუზეუმი და სხვა სივრცეებია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.