ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა პირველ სექტემბერს მიიღებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა პირველ სექტემბერს მიიღებს.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საკითხი ძალიან კომპლექსურია, მთავრობა მსჯელობს და განიხილავს გარკვეულ საკითხებს.
„ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, სამინისტრო წლებია, მუშაობს, რომ სრულყოფილად გაიხსნას ბაზარი. ბირჟა ვაჭრობის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და რეალურად გახსნილ ბაზარზე ვსაუბრობთ, როდესაც მწარმოებლები, ენერგიის გადამცემები, მომხმარებლები აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში ურთიერთობენ ერთმანეთთან. შესაბამისად, სამინისტრომ, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასთან ერთად საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ პროცესში. საქართველო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უფრო მოწინავე მდგომარეობაშია იმ ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოყალიბდა. იცით, რომ უკვე დავნერგეთ სიმულაციის რეჟიმში რამდენიმე ათეული მონაწილე, ელექტრონერგიით ვაჭრობს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ენერგეტიკული ბაზარი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს თავისუფალ რეჟიმში, მათ შორის ბირჟაც. ბირჟის ნაწილში გამართულია ყველაფერი.
რამდენიმე მსხვილი გაერთიანებაა ევროპაში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ვიზიარებთ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთის ქვეყნების გამოცდილებას ვიზიარებთ და სრულად სინქრონშია ჩვენი სავაჭრო ოპერაციები. თუმცა ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რათა ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, როგორც ელექტროენერგიის მწარმოებლების, ისევე გადაცემის ოპერატორზე, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიაა, ან მომხმარებლებზე და ვსაუბრობთ როგორც კერძო, ისე სამრეწველო მომხმარებლებზე, რათა ინტერესები დაცული იყოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის განცხადებით, სიმულაციის რეჟიმში მონაწილე მხარეების კომპეტენციები იზრდება, თუმცა ამავე დროს, ითვალისწინებენ რისკებს, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას.
„იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, მრეწველობის სხვადასხვა დარგი და მათ შორის მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ ამ საკითხს ჯერ კიდევ ვაანალიზებთ და ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, რათა ბაზარი თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ფუნქციონირებდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, თუ ოდესმე ყოფილა. საომარი მოქმედებები მიდის ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს შორის, ჩვენი მეზობლები ჩართული არიან საომარ ვითარებაში. შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხები ცალსახად კიდევ სხვა ჭრილში გადადის. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, ეს არის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტების შემცველი იმ დროს, როცა დავინახეთ ძალიან არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ვითარება ენერგორესურსებისა და ენერგორესურსზე მკვეთრად მომატებული ფასების მიმართ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ელექტროენერგიაში იყრის თავს, რადგან ვიცით, რომ ელექტროენერგია მხოლოდ განახლებადი წყაროებისგან არ იწარმოება, არც საქართველოში.
სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ დამოკიდებულია იმპორტზე და ეკონომიკის სწრაფ ზრდას ჩვენთან მხოლოდ იმპორტირებული ელექტროენერგია ასაზრდოებს. განსაკუთრებით პიკურ რეჟიმებში, ზამთრის პერიოდში და იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ არ იცის, როგორი ზამთარი იქნება. რეგიონის ბევრი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია და ვერ პროგნოზირებს, როგორი იქნება ფასები ან ფიზიკური უზრუნველყოფა ენერგომატარებლებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზედმეტი მომატებული რისკების შემცველია ამ შემთხვევაში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება ელექტრონერგიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ყველაფერი გაკეთებული აქვს ტექნიკური კუთხით. ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ, კიდევ განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს. საბოლოო გადაწყვეტილება, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს მთავრობამ და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.