ლევან დავითაშვილი - 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დევნილი ოჯახები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეძლებენ.
„დღეს მთავრობამ მიიღო რამდენიმე განკარგულება. 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში დაუკანონდა ფართები, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – ამ დიდ ქალაქებში და ასევე სხვა რეგიონებშიც. ჯამში მათ გადაეცათ როგორც საცხოვრებელი ფართები, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
ამასთან, ჯამში ჩვენ გვყავს 75 დევნილი ოჯახი, რომელთაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში დაუკანონდათ საკუთრება და ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დაუკანონდათ ფართები. ისინი ამ ფართების გამოყენებას სრულფასოვნად შეძლებენ და შეეძლებათ საცხოვრებელი პირობებიც გაიუმჯობესონ. ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა ზუსტად შეგვეფასებინა, რომ კონკრეტულად ეს დევნილი ოჯახები მიზნობრივად, არაკომერციულად იყენებდნენ ამ საცხოვრებელ ფართებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.