ლევან დავითაშვილი - 27 აპრილიდან გადაადგილების მეტი საშუალება იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები მეტად მოგვარდება
27 აპრილიდან გადაადგილებების მეტი საშუალება იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას.
მან განმარტა, რომ რეალიზების საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან, რომელიც 27 აპრილიდან ეტაპობრივად გაიხსნება.
„ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ოთხი-ხუთი დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ, უნდა ვიყოთ სოლიდარული. სოლიდარობა არის შედეგების მიღწევის წინაპირობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სარეალიზაციო არხები. სარეალიზაციო არხებთან დაკავშირებით გვაქვს გეგმა, რომელზეც ადრეც გვქონდა საუბარი, რომ ეტაპობრივად გარკვეული აგრარული ბაზრები სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ ოპერირებას. ასეთი ბაზრები, რომლებიც მზად არიან და რომლებმაც ჩვენი სტანდარტების ამოქმედების შემდეგ მოამზადეს პირობები, ნელ-ნელა დაემატება ბაზრების ნუსხას, რომლებიც დღეს მუშაობს. ასევე ვცდილობთ, ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ან დავუშვათ კონსოლიდირებულად, ფერმერთა ჯგუფებს შორის“, – აცხადებს დავითაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე ქსელი, ორგანიზებული სავაჭრო ქსელი და სუპერმარკეტი ვერ შეძლებს მიწოდების საკითხის გადაწყვეტას.
„რა თქმა უნდა, მეტი მობილობა გვჭირდება და იგივე საბითუმო აგრარული ბაზრების, მაგრამ ეს ყველაფერი კომპლექტში რეალურად სიტუაციას შეუმსუბუქებს ჩვენს ფერმერებს. დღითიდღე აღნიშნული სიტუაცია კიდევ უფრო მოგვარდება, კიდევ უფრო ნაკლები წნეხი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის. კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ შეზღუდვები, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ აუცილებლობიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.