ლევან დავითაშვილი - 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, სიღარიბეს დაახლოებით 400 000 ადამიანმა დააღწია თავი
ქვეყანაში სიღარიბე 11%-მდე შემცირდა, დამატებით, დაახლოებით 400 000 ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი და ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.
„იცით, რომ ქვეყანაში სიღარიბე 11%-მდე შემცირდა. დამატებით, დაახლოებით 400 000 ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი და ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ეკონომიკის პრიორიტეტზე, ჩვენი თვითმიზანი არ არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური განვითარება გვინდა იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი დასაქმებული ადამიანი და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაზრდასთან. აქედან გამომდინარე, როცა დიდ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობდით, ჩვენი მოლოდინი იყო ზუსტად ასეთი. ამის ამოცანა იყო, რომ ეს ასახულიყო ინკლუზიურად ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. მონაცემები, რომელიც 2023 წელს ეხება, არის დამაიმედებელი. ისტორიულ მინიმუმამდე არის შემცირებული სიღარიბე. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის მონაცემებიც იქნება ასეთი და შევინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, რომ ყველაზე მთავარი რაც არის, სიღარიბე საბოლოოდ დავამარცხოთ და მეტ კეთილდღეობაზე ვიფიქროთ. მიმდინარე წლის მონაცემები საკმაოდ კარგია. საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე ადგილს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, აპრილის ეკონომიკური ზრდაც ძალიან მაღალია, მაგრამ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.