ლევან დავითაშვილი - 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბერშიც გაგრძელდა, წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10,1 პროცენტი, იმედია, მონაცემები დაზუსტდება ზრდისკენ
2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბერშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 პროცენტი შეადგინა და, საბოლოოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10,1 პროცენტი. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაცემები დაზუსტდება ზრდისკენ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ძირითადად, ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ, მათ შორის ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვანმა აღდგენამ, სადაც შემოსავლებმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ექსპორტიც. ექსპორტის მონაცემები 5,6 მლრდ დოლარზე დაფიქსირდა, რაც ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქტივები იყო ძალიან მაღალი, დივერსიფიცირებული როგორც ტრანსპორტის, დასაწყობების, ლოგისტიკის სფეროში, ასევე მშენებლობაში უძრავი ქონების მიმართულებით; ამასთან, მომსახურებაში, ასევე წარმოების მიმართულებით, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიანიშნებს, მიუხედავად საგარეო შოკებისა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შეფასებისას, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB მაჩვენებელი შეუნარჩუნა, მაგრამ პოზიტიური პერსპექტივით.
„ეს მიანიშნებს, რომ შემდგომი შეფასებისას ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უკვე მოხდება სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება, თუ ჩვენ 2023 წელსაც შევინარჩუნებთ ტენდენციებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ტენდენციები უნდა შევინარჩუნოთ იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, ის მრავალ სექტორს მოიცავს. ასევე, დეკემბრის თვეში საკმაოდ მაღალი იყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, 18,1 პროცენტით გაიზარდა. გაზრდილია დეკემბერში ტურისტული აქტივობა, 555 მლნ დოლარი შეადგინა ტურიზმიდან შემოსავლებმა დეკემბერში. ასევე, უცხოური ვალუტის გადარიცხვები საქართველოში 535 მლნ დოლარზე დაფიქსირდა. ყველა ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ 2022 წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა მინისტრმა.