ლევან დავითაშვილი - 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ
ჩემთვის პატივია, თქვენ წინაშე წარვდგე და წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, როგორც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელს და სამუშაო ადგილების ძირითად წყაროს.
„ამ მიზნის მისაღწევად უზრუნველყოს ბიზნესისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს კლიმატის შექმნა, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიაბობის გაუმჯობესება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სტრუქტურული რეფორმების და იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.