ლევან დავითაშვილი - 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით, ორი პროცენტული პუნქტით და დღეს ისტორიულ მინიმუმზეა
2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 21.3 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე, ხოლო 2019 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ასევე ორი პროცენტული პუნქტით შემცირდა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დავითაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, სიღარიბე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მისი დაძლევის რეალისტური გზა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
„ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს. მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გამოხატულია, მათ შორის, ჩვენს ერთგულებაში რეფორმების მიმართ და იცით, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველომ სამწლიანი, ე.წ. Stand-By arrangement რეჟიმით სავალუტო ფონდთან დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 280 მლნ აშშ დოლარის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ეს დასჭირდა, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვართ რეფორმების ერთგულნი – განსაზღვრულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.