ლევან დავითაშვილი - 2019 წელს მესაქონლეობის მოდერნიზაციის საყოველთაო პროგრამები დაიწყება
2019 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად, მესაქონლეობის მასობრივი, საყოველთაო მოდერნიზაციის პროგრამები დაიწყება, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ შორის მესაქონლეობასთანაა დაკავშირებული. გვექნება მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რათა პრობლემები, რომელიც მესაქონლეობაშია, გამოვასწოროთ. ეს რამდენიმე მიმართულებას ეხება – პროდუქტიული ჯიშები შემოვიყვანოთ, ფერმერებს თანადაფინანსებით მივეხმაროთ და ცოდნა მივაწოდოთ. თანადაფინანსება შეიძლება იყოს 40-50-60-70 პროცენტი და ზოგ შემთხვევაში, გარკვეული მიმართულებებით, 100 პროცენტიც კი. ეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მაყურებლის შეკითხვაზე, რამდენპროცენტიანი იქნება გაზაფხულზე მერძევეული ჯიშის დაფინანსება და დაფინანსდება თუ არა, ძროხების შეძენასთან ერთად, ფერმის მშენებლობაც, მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი საშუალებების დაფინანსების კუთხით ორი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.
„ერთი, უშუალოდ, ფერმის მოწყობაა და თანადაფინანსება აქაც გვექნება. ვფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს 40-50 პროცენტიანი თანადაფინანსება. ახლა პროექტის დაზუსტება მიდის. ეს, ძირითადად, IFAD-ის მიერ იქნება დაფინანსებული და შესაბამისად, დეტალები მათთანაა შესათანხმებელი. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, დიახ, მის თანადაფინანსებას მოვიაზრებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, 2018 წელს საგრანტო-საკრედიტო დაფინანსება გაჩნდა, რაც აქამდე არ იყო და სახელმწიფომ დაიწყო არსებული სახელმწიფო კომპანია „მექანიზატორის“ პრივატიზება, სადაც ფერმერებს საშუალება ეძლევათ, მექანიზაციაზე საკუთრება თვითონ ჰქონდეთ და სხვის სერვისებზე არ იყვნენ დამოკიდებული.
„პლუს, გვექნება დამატებითი საგრანტო კომპონენტები, რათა ტექნიკა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ტექნიკის შეძენა ძვირია. ეს არ არის მხოლოდ დაპირება. ეს ის არის, რაც მათ შორის, უკვე ხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და განვითარების ასეთ ეტაპზე მყოფ ყველა ქვეყანას აქვს მთავარი გამოწვევა, რომ სოფლად ცხოვრების დონე გააუმჯობესოს და ქალაქის ცხოვრების დონეს დაუახლოოს.