ქვეყანამ 2018 წლიდან ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას, ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დღეს გავრცელდა ძალიან ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს მესტიაში სტიქიური უბედურების დროს გააკეთა.
„ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების უკეთესი მონიტორინგი და, რა თქმა უნდა, ესეც გახდა სპეკულირების საგანი. აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ ან თემის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ, რაც სამწუხაროა. ეს, ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა. როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად ვიყავით პირნათელი საზოგადოებასთან.
მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ „კლიმატის მწვანე ფონდთან“ ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, მინდა, ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში. ჩვენ რაც უნდა სისტემები გვქონდეს, გავაკეთოთ, გვაქვს ან გვექნება, შეიძლება, სამწუხაროდ, მოხდეს ტრაგედიები და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან ჩვენ შეიძლება, დაცვა ვერ მოვახერხოთ. ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ. მოისმინეთ არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მიმდინარე მოვლენებთან, შოვის კონკრეტულ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, რომ რაც უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად, იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და, სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი ალბათ დადგებოდა.
ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას. ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისითაც. საქართველოში 2014 წლისთვის ჩვენ დავინახეთ, რომ, ფაქტობრივად, ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანაში გვქონდა ათეულობით მონიტორინგის სადგური და ჩვენ დაგვხვდა – არცერთი. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი ამაზე აღარ იყო პასუხისმგებელი. ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, შევიძინეთ და დაიწყო მისი მონტაჟი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენ უკვე დავაკვირდეთ წყლის მატებას. ასევე მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ამინდის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას და ეს გვაძლევს საშუალებას, განვჭვრიტოთ და გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს ამაზე რეაგირება.
ჩვენთან ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად. გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ შევაფასეთ ასეთი 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს, მაგრამ იცით, რომ შოვში, მაგალითად, იმავე ჩვენი ანალიზის შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და, შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა და ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი. თუმცა, აქაც წყლის ზომები იყო და ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ანალიზს, მათ შორის ამ მონაცემებზე დაყოვნებით ხდება იმ მდგომარეობის აღდგენა და შეფასება, რასთან გვქონდა საქმე სტიქიური მოვლენის დროს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება, უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და ასეც მოხდა“.
„საქართველოში ჩვენ შევიძინეთ ორი თანამედროვე რადარი და დღეს სამი თანამედროვე რადარი მუშაობს, ესეც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომელთაც საქართველოს მთელი ტერიტორია, მეტეოროლოგიური კუთხით, დაფარულია. ათეულობით მილიონი ინვესტიციაა აქაც ჩადებული. 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ასე რომ, ჩვენ როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ამას ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერება მომხდარიყო და ყოფილიყო მონიტორინგის საშუალება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ღრმა მწუხარებით, რომ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, ჩვენ უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და ასეც მოხდა. მივიღეთ ადამიანების მსხვერპლი, ამას ვერაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ის, რომ სპეკულირება მოხდეს ასეთი თემებით, ვფიქრობ, ყოვლად ამორალური, უპასუხისმგებლოა და ამაზე უნდა გამეკეთებინა განცხადება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.