ლევან დავითაშვილი - ​ლეგალურად, აუქციონით მოხდა კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება, ეს არ არის ჩუქება, არის ვალდებულება
ლევან დავითაშვილი - ​ლეგალურად, აუქციონით მოხდა კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება, ეს არ არის ჩუქება, არის ვალდებულება

შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგცეთ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს სასურველი ტყის ობიექტი და აიღოს ვალდებულება მის მოვლასთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა, ჩემდა სამწუხაროდ, მედიაში მაინც არაერთგვაროვანი და დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება. ხშირ შემთხვევაში, არის არასწორი ინტერპრეტაციები.

ჩვენ მივიღეთ ახალი სატყეო კოდექსი 2020 წელს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის დასასრული, რომელზეც სახელმწიფო თავის პარტნიორებთან ერთად შვიდი წელი მუშაობდა. ამ შემთხვევაში მთავარი პარტნიორი იყო გერმანიის მთავრობა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროპული სახელმწიფო. მათ შორის, ჩართული იყო ევროკავშირი, რათა ქვეყანაში ტყის მართვის ისეთი პრინციპები შემოგვეტანა, როგორიც არის ევროპაში და რაც გულისხმობს ტყეების მდგრადად მართვას. ეს გულისხმობს მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ტყით სარგებლობის უფლებას, რაც არის აუცილებელი პირობა და საერთაშორისო სწორი პრაქტიკა ტყის გამოყენების. მეორე – საქართველოში 1990-იანი წლების სიდუხჭირემ და პრობლემებმა შექმნა ის, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა, ანუ საშეშე მერქნის მოპოვება ხდებოდა და ტყე თავის ძირითად ფუნქციებს – სოციალურს, ეკონომიკურს და ეკოლოგიურს, ვერ ასრულებდა. ეს მთავარი პრინციპი ახალ კოდექსში შემოვიტანეთ და ამ კოდექსმა განსაზღვრა ტყით სარგებლობის პირობები, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში გადმოგცეთ, ასევე – საიჯარო ვალდებულებებით. ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით – ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის ჩუქება, ეს არის ვალდებულება, რომელშიც ყოველ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და აუქციონის პირობების შედეგად დადგინდა, მოიჯარემ უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს.

მინისტრის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ოჯახზე აპელირება და პრივილეგირებულ საუბარი არასწორია, ვინაიდან აუქციონი ჩატარდა ღია წესით, ტრანსფარენტულად, ყველას შეეძლო მასში მონაწილეობა და საუბარია კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გადაწყვეტილ საიჯარო ხელშეკრულებაზე.

„რაზეც აპელირებთ, რომ ეს არის პრემიერის ოჯახი ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მოდით განვმარტოთ. ეს იყო ღია წესით აბსოლუტურად ტრანსპარენტულად, არავისთვის დამალული, ღია აუქციონის პირობებში კანონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულება. რამდენადაც არავინ არის პრივილეგირებული, ყველას შეეძლო ამ აუქციონში მონაწილეობა. იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს და კანონის გათვალისწინებით, თქვენც შეგიძლიათ ასეთივე სარგებლობით იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, რომ ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული. ეს არის წელიწადში ხუთი ათას ლარზე მეტი, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. თანხას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც დაფუძნებული იყო სამხარაულის ექსპერტიზის შეფასებაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ჩვენ დღეს მიმდინარე 22 ხელშეკრულება გვაქვს და ასზე მეტი მიმდინარე განაცხადი ასეთი საიჯარო, რომელსაც განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების შესახებ. ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს ტყის კარგად მოვლა. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ქვეყანაში სამ მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მოვლა და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რაც გვინდა და რაც განსაზღვრულია მთელ მსოფლიოში.

ტყე მერქნის მოპოვების ძირითადი წყარო კი არ უნდა იყოს, არამედ პირიქით – ეკოტურიზმისა და სხვადასხვა ისეთი სერვისების განვითარების, რომელიც ტყის ეკოლოგიასაც შეინარჩუნებს, მაგრამ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გააჩენს. ამაზეა მთლიანად დაფუძნებული კოდექსის პრინციპები, და ამ პრინციპებით, კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ამ იჯარის ხელშეკრულების გაფორმება.

პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სატყეო სააგენტო უფლებამოსილია საიჯარო ხელშეკრულება გააუქმოს. ტყის ფონდი არის სახელმწიფოს საკუთრება, არავისი საჩუქარი არ ყოფილა. რა ეტაპზეც არ შესრულდება ის მოთხოვნები, რაც არის მოვლის, აღდგენის, შენარჩუნების ან ინვესტიციების განხორციელების კუთხით, სატყეო სააგენტო უფლებამოსილია და იმ უბანს დაიბრუნებს. მერქნიანი მცენარეები, რომლებიც ამ ტერიტორიაზეა, უნდა იყოს შენარჩუნებული და მათი მოვლა-პატრონობა უნდა ხორციელდებოდეს.

თუ რაიმე განხორციელდება ინფრასტრუქტურული, ეს უნდა იყოს ისე, რომ დაცულ იქნას ტყის მოვლის პირობები, რომელიც სატყეო სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. ტყუილად ატეხილი ქარიშხალია ჭიქაში.

ჩვენთვის ნარმანიას მეუღლე იქნება, ვინმეს მეუღლე იქნება, თუ ვინმე იქნება თანამდებობის პირი, სულერთია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.