ლევან ბეჟაშვილი - ვანო მერაბიშვილს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, მას მოხდილი აქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც
ვანო მერაბიშვილს არავინ ჰყავს დანიშნული პარტიის ხელმძღვანელობაში, ის არის რიგითი წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გულშემატკივარია.
„ვანო მერაბიშვილს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე. მას მოხდილი აქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. ვანო მერაბიშვილი არის თავისუფალი მოქალაქე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და, ბუნებრივია, გულშემატკივარი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის. ქვეყანაში როდესაც არის ჩრდილოვანი მმართველობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, „ქართუ ბანკის“ თანაშემწეები, და ასე შემდეგ, დანიშნული არიან უმაღლეს თანამდებობზე, ეს არის ფარული მმართველობა. ვანო მერაბიშვილს არავინ ჰყავს დანიშნული პარტიის ხელმძღვანელობაში, ის არის რიგითი წევრი. ჩვენც, მეც ვართ პარტიის რიგითი ჯარისკაცები და ჩვენი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.