ლევან ბეჟაშვილი - სახელმწიფოს მიერ არასრულწლოვნებისთვის გამოყოფილი დახმარების მისაღებად მოსახლეობას საკმაოდ ჩუმად და თავმდაბლობით ვეხმარებოდით
გამოვიჩინეთ ინიციატივა, საკმაოდ ჩუმად, თავმდაბლობით ვეხმარებოდით მოსახლეობას. დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული, ასეული ადამიანი ცალკეულ ოფისში მოდის, რათა რეგისტრაციის გასავლელად მათ დახმარება გავუწიოთ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც მდინარაძე ამბობს, რომ 200-ლარიანი დახმარების მიღებისთვის მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის გასავლელად დახმარების საჭიროება არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ამგვარი ჩართულობით წინასაარჩევნოდ ქულებს იწერს.
ამასთან, როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, მოსახლეობას დახმარებას სრულიად უსასყიდლოდ უწევენ.
„იცით, სახელმწფომ გამოყო 17 წლამდე არასრულწლოვნებისთვის 200-ლარიანი დახმარება და მხოლოდ ამ თანხის გამოყოფა საკმარისი არ არის. აუცილებელია, მთავრობის მოქმედებები იმისათვის, რომ ხალხს ჰქონოდა შესაძლებლობა, დარეგისტირრებულიყვნენ და აღმოეჩინათ მათთვის კონკტრეტული დამხარება. თუმცა ჩვენ ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს. არ არის ინტერნეტიზაციის მაღალი ხარისხი, არ არის კომპიუტერები საკმარისი, რომ მოსახლეობამ შეძლოს ამ რეგისტრაციის გავლა.
შესაბამისად, გამოვიჩინეთ ინიციატივა, საკმაოდ ჩუმად, თავმდაბლობით ვეხმარებოდით მოსახლეობას იმისათვის, რომ ტექნიკური დახმარება გაგვეწია მათთვის და დარეგისტრირებაში დავხმარებოდით. ეს პროცესი მიმდინარეობდა ჩვენს ოფისებში. საკმაოდ ბევრი ხალხი მოდიოდა შესაბამისი კონსულტაციებისა და დარეგისტრირების თხოვნით. თუმცა ამან „ქართული ოცნების“ რიგებში აღშფოთება გამოიწვია.
მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარება, ამ მოსახლეობის მიერ უკან დასაბრუნებელი არის საგარეო ვალის გასტუმრების სახით. ამიტომ, ეს 200 ლარი მათი წყალობა არ არის. ყველა სუბიექტს, ვისაც კი შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს მოსახლეობას, ეს უნდა გააკეთოს. მოვუწოდებთ როგორც მთავრობას, ისე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მოსახლეობას ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ. აბსოლუტურად უსასყდილოდ ხდება ამ დახმარების გაწევა.
მნიშვენელოვანია, წინა პროცესები გავაანალიზოთ, 530 მილიონი დაანონსებული დახმარება, რომელიც უნდა გაცემულიყო აქამდე მთავრობის მიერ მოსახლეობაზე, დღეს გაცემული არის მხოლოდ და მხოლოდ 116 მილიონი, 21.8 პროცენტი.
მეორეც, თუ მოსახლეობა გაივლის რეგისტრაციას, დახმარებას ისედაც უგვიანებენ. ასევე, 245 ათასი დარეგისტრირებული თვითდასაქმებულიდან დღეს დახმარება მხოლოდ და მხოლოდ 160 ათასმა ადამიანმა მიიღო. რა თქმა უნდა, დახმარების პროცესი გრძელდება. ყველა რაიონულ ორგანიზაციას ვთავაზობთ, მათ ვებგვერდებზე განთავსდეს შესაბამისი ინფორმაცია, საკონტაქტო პირები და მოსახლეობას აღმოვუჩინოთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, უსასყიდლოდ ტექნიკური დახმარება. ეს არის ნამდვილად კეთილშობილური საქმე. ამას ჩვენ ვაკეთებდით აბსოლუტურად რეკლამის გარეშე. დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული, ასეული ადამიანი ცალკეულ ოფისში მოდის იმისათვის, რომ მათ ეს დახმარება გავუწიოთ. რეგიონებში საკმაოდ რთული არის კომპიუტერების მეშვეობით ამ რეგისტრაციის გავლა. ძირითადად რეგიონების ოფისში ხდება მომართვიანობა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.