მამუკა მდინარაძე - ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა
მამუკა მდინარაძე - ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა

არანაირი საჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარების საჭიროება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფიზიკური პირების გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ანაზღაურების საფასურად მოქალაქეებს დაეხმაროს რეგისტრაციაში, ბავშვებისათვის განკუთვნილი 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. მისივე თქმით, მოქალაქეებს რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე ჩვენ, ხელისუფლებამ, გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებისათვის მიგვეცა კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით, რომ ახალი სასწავლო წლისათვის მათ ჰქონოდათ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება. ამასთან დაკავშირებით ვიღაცებმა გადაწყვიტეს ფულის შოვნა და ფიზიკური პირები, კონკრეტული ადამიანები რეკლამასაც კი უწევენ საკუთარ მოქმედებას, რომლის მიხედვითაც ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ რეგისტრაციაში დახმარებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც აცხადებს, რომ ეხმარება რეგისტრაციაში იმ ადამიანებს, ვისაც ამისი საჭიროება აქვთ.

აქედან გამომდინარე, ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი დახმარების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით დახმარება აღმოუჩინონ მოქალაქეებს.

„ამის არანაირი საჭიროება არ არის, რადგან მუნიციპალიტეტებს აქვთ სპეციალური დავალება, თუ ამის საჭიროება იქნა, დაეხმარონ მოქალაქეებს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მივიდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მერიებში, სოფლებში მიმართონ სოფლის რწმუნებულებს და ისინი მიეხმარებიან, თუ რამე შეფერხება იქნება. არანაირი საჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარების საჭიროება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.