ლევან ბეჟაშვილი - საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი და საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს, მგონი, საქმე გვაქვს „მოდელირებულ ქრონიკასთან“
საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი და ამაში საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს, რომ ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილი გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ საკითხის სერიოზული შეფასება სწორად არ მიაჩნია.
„მგონი, საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან. ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა რთულია. დარწმუნებული ვარ, სერიოზული პასუხი არ იქნებოდა. კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული პროცედურა – საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი და ამაში საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს, რომ ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა. ამიტომ ეს განცხადება „მოდელირებულ ქრონიკას“ ჰგავს და სერიოზული პანიკა, შეფასება სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.