ფაქტია, რომ ნატო ჩხეიძემ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ იმ კანდიდატებს, რომლებიც ოპოზიციაში საერთოდ არ განიხილებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შემთხვევითობა არ იყო.
„სამწუხაროა, როცა ადამიანის მენტალურ ჩამოშლას ვხედავთ, რომელიც მხილებულია დანაშაულში, რომლის გადაწყვეტილებით სხვა კოლეგებსაც მიაცემინეს ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე. ეს არის თვალნათლივ დადასტურებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანმა პასუხისმგებლობა მაინც აიღოს თავის გადაწყვეტილებაზე და რაიმე ნორმალური არგუმენტი შესთავაზოს საზოგადოებას, რის გამო დაუჭირა მხარი სამ კანდიდატს, მესამე დღეა, ბრალდებებს უყენებს „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა რა ვუწოდოთ ამას, თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გაგრძელება. დასტურდება ეჭვები, რომ ამ კანდიდატების მხარდაჭერისას მისი მთავარი ამოცანა ყოფილა კლანური სისტემის გაძლიერება და, მეორე მხრივ, ეს ადამიანები მიზნად ისახავდნენ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზიანის მიყენებას. რაც არ უნდა გვარები და ჩათების ინფორმაციები გამოქვეყნდეს, ფაქტი ცალსახაა, ნატო ჩხეიძემ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ იმ კანდიდატებს, რომლებიც ოპოზიციაში საერთოდ არ განიხილებოდა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო და არ ყოფილა შემთხვევითობა, რადგან პირველი კანდიდატის მხარდაჭერის შემდეგ, რაც ოპოზიციამ კენჭისყრის შედეგები გააპროტესტა, ეს ადამიანები კვლავ მალულად და გამალებით ცდილობდნენ, სხვა კანდიდატებისთვისაც დაეჭირათ მხარი. უტიფრობაა, რომ დანაშაული სხვას დააბრალო“, – განაცხადა ლევან ბესაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ დღეს განაცხადა, რომ ლევან ბეჟაშვილმა მას პირდაპირ ეთერში ბრალი დასდო და ცილი დასწამა. ამასთან, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა: „ლევან ბეჟაშვილს სურვილი ჰქონდა, რაღაც ხლართებში მე გავხლართულიყავი, მაგრამ ამ ხლართებში თვითონ გაეხვია“.