ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ჩახერგა შესასვლელი, არ უნდათ დისკომფორტი, რაც კანონპროექტის განხილვას შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ მერწმუნეთ, კომიტეტის სხდომა ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩატარდება
ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ჩახერგა შესასვლელი, არ უნდათ დისკომფორტი, რაც კანონპროექტის განხილვას შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ მერწმუნეთ, კომიტეტის სხდომა ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩატარდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს არ აძლევს საშუალებას, დაესწროს პარლამენტის კომიტეტების სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა.

„ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე. ნახეთ, როგორი პიკეტები მოაწყვეს და პრაქტიკულად შეუძლებელია შესვლა. არ უნდათ, შეიქმნან ის დისკომფორტი, რაც ამ განხილვას შეიძლება მოჰყვეს, რა სიმართლეც უნდა გაჟღერდეს ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, შეიქმნან ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა და კამათი, მაგრამ, მერწმუნეთ, კომიტეტის სხდომა ასე ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ ჩატარდება, რადგან თანამედროვე საქართველოში, ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი ევროპული მომავლის მომხრეა, შეუძლებელია, დავუშვათ ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.