ლევან ბეჟაშვილი - პარტიას შესაბამისი გეგმა უნდა ჰქონდეს, კოორდინაციით და საერთო სტრატეგიით უნდა ვიმუშაოთ ქუჩაშიც და პარლამენტშიც
ლევან ბეჟაშვილი - პარტიას შესაბამისი გეგმა უნდა ჰქონდეს, კოორდინაციით და საერთო სტრატეგიით უნდა ვიმუშაოთ ქუჩაშიც და პარლამენტშიც

მიხეილ სააკაშვილის პერსონალური კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის მთელი რიგი მუხლების კვალიფიკაცია. შესაბამისად, მისი თანხმობის გარეშე მოხდა ამ კადრების გავრცელება და გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის ყველა წევრი მზადაა პროტესტის ნებისმიერი ფორმისთვის.

„ბუნებრივია, მინისტრის და ყველა პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. გუშინ, კადრების გავრცელების შემდეგ ფრაქციაში შეხვედრა გაიმართა და გუშინვე გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენი ფრაქციის ყველა წევრი მზადაა პროტესტის ნებისმიერი ფორმისთვის. ჯერ კიდევ გუშინ იყო გადაწყვეტილი, რომ ფრაქციის წევრები მზად იყვნენ, შიმშილობა გამოეცხადებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უფლება მიეცათ, ონლაინ ჩართულიყო და პროცესში მონაწილეობა მიეღო. ამ თემებით მანიპულირება და ვიღაცისკენ ხელის გაშვერა ნამდვილად არამართებულია. ყველანი მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ოპოზიცია მოახერხებს და უზრუნველყოფს, რომ პარლამენტი ერთპარტიული დარჩეს. ამ შემთხვევაში ამ ფორმას ექნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი. ამიტომ, ჩვენ, გარდა საპარლამენტო აქტივობისა, უნდა ჩამოვყალიბდეთ ქუჩის საპროტესტო აქციებზე. პარტიას შესაბამისი გეგმა უნდა ჰქონდეს, ეს გეგმა აქამდეც უნდა ჰქონოდა. ჩვენ შესაბამისი კოორდინაციით და საერთო სტრატეგიით უნდა ვიმუშაოთ ქუჩაშიც და პარლამენტშიც“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.