ლევან ბეჟაშვილი - მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის საქმეც უნდა გამოიძიონ, უნდა დაისაჯონ დამნაშავე პირებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საქმეებს არ იძიებდნენ
პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პროკურატურის მიერ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძის პასუხისგებაში მისცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხვდება პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ რეალურ მოტივებს.
„ეს საქმეები და უფრო მძიმე საქმეები უფრო ადრე უნდა გამოძიებულიყო მთელი ცხრა წლის განმავლობაში. უფრო სიცხადე უნდა შესულიყო საქმეში, ბევრი თანამშრომელი, რომელიც მაშინ ასეთ გამოძიებებში იყო ჩართული, დღესაც „ქართული ოცნების“ რიგებშია და დღესაც მათ დავალებებს ასრულებენ, ამიტომ საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც „ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს, ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ. ეს საქმეც უნდა გამოიძიონ, დამნაშავე პირებიც უნდა დაისაჯონ და ის ადამიანებიც უნდა დაისაჯონ, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ამ საქმეებს არ იძიებდნენ, თაროზე აქვთ შემოდებული და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აგდებენ ხოლმე ასეთ თემებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე, რომელზეც მეგის ქარდავაც არის ბრალდებული, ალექსანდრე მუხაძე დღეს პასუხისგებაში მისცა.