ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლებას პრაქტიკულად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა აღეკვეთა უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, საქართველო რუსეთისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა
ხელისუფლებას პრაქტიკულად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა თავიდან აღეკვეთა უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტებისა და რეალობის, რომელიც გამოვლენილია.
„რამდენიმე თვის წინ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა განცხადება გააკეთეს, რომ ინფორმაცია არსებობდა, ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა სანქციების გვერდის ავლით ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავებულიყო. გვახსოვს, „ქართულ ოცნებას“ როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაციები რეალიზდება და დასტურდება. ვხედავთ, ჩრდილოეთ საბაჟოზე რამდენი მანქანა მიდის და თან კონტროლის გარეშე. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თურმე არანაირი რეგულაცია არ არსებობს სანქციების თავის არიდების და რაღაც მოდულებზე იყო საუბარი. პრაქტიკულად ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა თავიდან აღეკვეთა ასეთი უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ბუნებრივი იქნება, რადგან ივანიშვილია მთავარი იდეოლოგი, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ფედერაციის უკანა ეზო.
დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტებისა და რეალობის, რომელიც გამოვლენილია. ფოთის პორტში სანქცირებული ნავთობით სავსე ტანკერის გაჩერებაც ამის ნათელი დადასტურებაა. სამწუხაროდ, საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს. პროგრესული სამყარო არ დაუშვებს, საქართველო სანქციების არიდების სივრცე გახდეს. სანქციებზეც იქნება საუბარი და კონკრეტულ ღონისძიებებზეც. ჩვენი ინფორმაციით, საბაჟო ტვირთი საქართველოდან გაედინება და პრაქტიკულად საქართველო გადაქცეულია „შავ ხვრელად“. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ასეთი რეაქციები. ეს განცხადებები იმიტომ კეთდება, რომ მათ აქვთ ინფორმაციები, საქართველოს გამოყენება ხდება – როგორც საბანკო სისტემის, ასევე ტერიტორიის და საბაჟო სივრცეების, რათა სანქციებიდან თავის არიდება მოხდეს. ამიტომ ლოგიკური იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით მიიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსნებთ, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“. არახამიას თქმით, „მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე“.