ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლება სააკაშვილს არაადამიანური მოპყრობის რეჟიმში როცა ამყოფებს, ბუნებრივია რეაქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტსა და დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ
საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება თუ სურს, „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ განმსაზღვრელი უნდა იყოს ის შეფასებები, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს აქვთ.
„ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ სახით, პუტინის პირად პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რეჟიმში როცა ამყოფებს, ბუნებრივია ის რეაქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ. შესაბამისად, „ქართული ოცნებისთვის“ განმსაზღვრელი უნდა იყოს შეფასებები, რაც დასავლელ პარტნიორებს აქვთ. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება თუ სურს და ევროპული პერსპექტივა, „ქართულმა ოცნებამ“ გვერდით უნდა გადადოს პოლიტიკური შურისძიების მოტივები, მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, ლევან ბეჟაშვილს კითხვით მიმართეს, რამდენად მეგობრული ნაბიჯი იყო ზელენსკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩს სთხოვს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.
„ჩვენ ვხედავთ, „ქართული ოცნება“ როგორ მეგობრულად უცხადებს სოლიდარობას უკრაინას. პირიქით, „ქართული ოცნება“ ეხმარება რუსეთის ფედერაციას სანქციების თავის არიდებაში, მთელი ამ ომის განმავლობაში რიგ საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკა, პრაქტიკულად, უკრაინის საწინააღმდეგოა. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოუდგენელია მეგობრული დამოკიდებულება. მეგობრულ სახელმწიფოებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს წამებისა და არაადამიანურ რეჟიმში ამყოფებენ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.