ლევან ბეჟაშვილი - კარგად ვიცით, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დახარვეზებულ მონაცემს არჩევნების გაყალბებაზე გავლენა არ ჰქონია
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილმა ტექნიკურმა შეცდომამ დაადასტურა, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. ადამიანური ფაქტორი იყო თუ ტექნიკური, ფაქტია, რომ დახარვეზდა ეს მონაცემი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დახარვეზებული მონაცემი არჩევნების გაყალბების განმსაზღვრელი არ იყო. ამასთან, ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მიყურადება ხდებოდა.
„თუმცა ეს მონაცემი არანაირად არ იყო განმსაზღვრელი არჩევნების გაყალბების თემის, რადგან საუბნო კომისიის ოქმების პარალელური გადათვლა იმავე შედეგს დადებდა, რაც ისედაც იყო საუბნო კომისიებში გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი.
მთავარი არის ის, რაც არჩევნების გაყალბების შეფასებისას გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ტოტალური გაყალბება მიმდინარეობდა.
ასევე ადამიანებზე ზეწოლა, ფაქტობრივად, არჩევნები გადაწერეს კენჭისყრის დღის შემდგომ. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ზედმეტი ბიულეტენების რაოდენობა, მთელი ეს კომპლექსი წარმოადგენდა არჩევნების გაყალბების თემას და „სამართლიანი არჩევნების“ ეს მონაცემი არანაირ კავშირში არ არის.
ზოგადად, ხელისუფლება რომ ტოტალურად უსმენს ოპოზიციური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველა ადამიანს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდეს, ეს ისედაც ცხადია. არ გამოვრიცხავთ. არჩევნებთან მიმართებაში აქტუალური იყო „სამართალი არჩევნები“ და არ გამოვრიცხავთ, რომ ფარული მიყურადება ხდებოდა.
შემდგომ ეს ხელისუფლებამ გამოიყენა იმისათვის, რომ მუდმივად აპელირება მოეხდინა „სამართლიანი არჩევნების“ ამ მონაცემებზე. მანამდე, იყო საუბარი, რომ „ სამართლიანი არჩევნების“ ოქმები გადამოწმებულიყო. ბუნებრივია, ამ თემას იყენებდნენ მანიპულაციისათვის. თავისთავად ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ მონაცემმა არანაირი გავლენა არ იქონია არჩევნების გაყალბების შეფასებებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.