ლევან ბეჟაშვილი - IRI-ის გამოკითხულთა 72% უარყოფითად აფასებს ქვეყანაში მდგომარეობას, შესაბამისად, ეს ოპოზიციისთვის გამოწვევაა, რომ შეიქმანს ახალი პოლიტიკური პოლუსები
IRI-ის კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილი გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 72 პროცენტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი პარტიის ხილვა სურს.
ამას ერთვის ის, რომ ანტიდასავლური კამპანია გაზრდილი არის ხელისუფლების მხრიდან. მოსახლეობას აქვს მთავარი მოთხოვნა, შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. 72% უარყოფითად აფასებს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს არის ახალი გამოწვევა ოპოზიციური პარტიებისათვის, იმისათვის, რომ მოხდეს ახალი პარტიების შექმნა, ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა. ეს კიდევ უფრო წაადგება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას.
მორიგი არჩევნები ორი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს. პოლიტიკური ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში არ ხდება, ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნიჰილიზმს იწვევს. გასაგებია, „ქართულ ოცნებას“ შეუმცირდა რეიტინგი, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შეუმცირდა რამდენიმე პროცენტით, თუმცა პოლიტიკური პროცესების გააქტიურების ფონზე საზოგადოება თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან მოსახლეობის 72% წინააღმდეგია არსებული ვითარების, მოითხოვენ ცვლილებებს. აქ არის სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს ახალი გაერთიანებების, ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა და ერთიანი სტრატეგიის ქვეშ მოხდეს „ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთაგან 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, ხოლო 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას.