ლევან ბეჟაშვილი - გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვა პარტიების მიერ ერთმანეთთან ბრიფინგებით საუბარი მიუღებელია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოსთან“ არც ერთი შეთანხმება არ დარღვეულა.
ლევან ბეჟაშვილმა ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია.
მისი თქმით, ახლა ერთმანეთთან ბრიფინგებით საუბრის დრო არ არის.
„ბრიფინგის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. მიუღებელი და გაუმართლებელია გაერთიანებული ოპოზიციის და სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც კონსულტაციების შედეგად იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ზესტაფონში და მარნეულში გაერთიანებული ოპოზიცია თავის კანდიდატურას დააყენებდა. რაც შეეხება ჭიათურას, შეთანხმებისამებრ, საკრებულოს წევრის, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა მოხდა. მერის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი კონეცენტრაცია ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლაზე უნდა მოახდინოს.
„ჩვენთვის მთავარია და ამომრჩეველსაც მოვუწოდებთ, კონცენტრაცია მოვახდინოთ მთავარ იდეაზე, რომელიც საზოგადოების დაკვეთაა, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ამომრჩეველთან, ვისი მთავარი მიზანიც „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაა. კონსულტაციების დროს წინასწარ იყო ცნობილი, რომ მარნეულში და ზესტაფონში გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დააყენებდა თავის კანდიდატურას. რაც შეეხება ჭიათურის საარჩევნო ოლქს, კანდიდატის წარდგენა არ მომხდარა. მხოლოდ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო წარდგენილი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია.