აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბობოხიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამო, აუცილებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე  7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს შეთანხმების დარღვევას.

„ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს მოვუწოდებთ, სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.