პარტიაში როდესაც კრიზისი გაქვს და ვერ მართავ, უნდა წახვიდე, ვფიქრობ, მელიას კანდიდატურა არც უნდა დაეყენებინა ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა, ლევან ანთაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეა და უფრო სხვა კუთხით უნდა მუშაობდეს. ანთაძემ აღნიშნა, რომ ძირითადი პრეტენზია მელიას მიმართ სწორედ ის არის, რომ ვერ შეძლო პარტიის შიგნით ყველა დაინტერესებული მხარის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანება.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებაზე, სადაც მელია ამბობს, რომ მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როდესაც მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი. მელიას თქმით, მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული მისი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.
„ეს, უბრალოდ, ჭორაობაა და მეტი არაფერი. დიდი ბოდიში, მაგრამ ვანო მერაბიშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში. გარდა ამისა, თუ არ ვცდები, ამ ადამიანმა მოიხადა შვიდი წელი და ცხრა თვე. ამ ადამიანს არ აქვს უფლება, რაღაცაში ჩაერიოს და გააკეთოს?! მოყოლილი აქვს მელიას ეგ ამბავი, მეც ვარ მაგის მომსწრე, მაგრამ აქამდე რატომ მივიდა, იყო ეს მართალი, არ იყო მართალი, ამ ჭორაობაში ნამდვილად ვერ შევალ. ერთი რამ ვიცი, რომ პარტია ამ ორი წლის განმავლობაში, წინ წასვლის მაგივრად, უკან წავიდა. ბევრმა ადამიანმა დატოვა ეს პარტია, მათ შორის მელიას მოყვანილმა ადამიანებმა და დღეს ვართ სად, პარტიის სიძლიერის შედარება არ შეიძლება, რაც იყო ორი წლის წინ და რაც არის დღეს. ეს არის მელიას დამსახურება“, – აღნიშნა ლევან ანთაძემ.
ამასთან, კითხვაზე, – „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გუნდის შიგნით მელია გამოთქვამდა პრეტენზიებს მერაბიშვილთან დაკავშირებით?“ – ანთაძემ განაცხადა:
„მელიამ ეს განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბოლო შეხვედრაზე. თუ არ ვცდები, 4 დეკემბერი იყო. შეკითხვები იყო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები, რატომ არ არის პარტიაში ვანო მერაბიშვილი და ამის საპასუხოდ მოყვა, რომ სამი ადამიანი მომიხსნა ჩემი საარჩევნო უბნიდან თუ რაღაც მსგავსი. ეგ არ არის ჩემთვის არგუმენტი და არ არის პარტიის თავმჯდომარის პასუხი. ამ ადამიანს ეტყობა, მხოლოდ ის ადამიანები უნდა ირგვლივ, ვინც თავიდან ბოლომდე ეთანხმებიან. ეს მელიასაც ბევრჯერ უთქვამს და მეც შემიძლია დავადასტურო, რომ პარტიაში ბევრი ჯგუფია და ბევრი ინტერესია. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ადამიანების ვერცერთი აქტიურობა ვერ დავინახე და კაბინეტში ოთხ ადამიანთან ამბების გადაწყვეტა ნამდვილად არ იძლევა იმ შედეგს, რაც უნდა იყოს დღეს. მე მინდა ერთი რამ, რომ ეს პარტია წავიდეს წინ. როდესაც გაქვს კრიზისი და ვერ მართავ, უნდა წახვიდე. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ მელიას კანდიდატურა არც უნდა დაეყენებინა ამ არჩევნებში“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.
კითხვაზე, რა უნდა გაეკეთებინა ნიკა მელიას, რადგან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებიც გამართა და შიმშილობის აქციაც გამოაცხადა, ანთაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელია დაზიანებული პოლიტიკური ფიგურაა და ვერ შეძლებს ოპოზიციის გაერთიანებას მაშინ, როდესაც შიგნით ვერ აგვარებს ვითარებას.
„70 ათასი ადამიანი რომ შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე, რა ვქენით? სად იყო იქ ე.წ. ლიდერშიპი, გაათენეს იქ ღამე ხალხთან? როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი შეაფერხა, სად იყო იქ ნიკა მელია, ნახეთ სადმე სცენაზე გამოსული? ვიღაც არასამთავრობოებს უნდა ჩაეტარებინათ და ლამაზად დაშალეს, როგორც ბიძინა ივანიშვილს აწყობდა. სად იყო აქ პარტია, მე ნამდვილად არ დამინახავს. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს საქართველოში? როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე ვართ, ან ცივილიზებული მსოფლიო, ან ბნელეთის იმპერია, აქ არ უნდა ყოფილიყო მთავარი პოლიტიკური ძალა წამყვანი? ამას, იცით, რატომ ვამბობ? არა იმიტომ, რომ ნიკა მელია პიროვნულად არ მომწონს, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აღარ გამოდის. ნიკა მელია გამოდის დაზიანებული პოლიტიკური ფიგურა. ის ვერ შეძლებს ვერც ოპოზიციის გაერთიანებას, მაშინ, როდესაც შიგნით ვერ აგვარებს“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.
ანთაძის თქმით, ოპოზიციის გაერთიანებას ლევან ხაბეიშვილი შეძლებს.
„ლევან ხაბეიშვილი იყო ანტიკორუფციული საკითხების მდივანი, ნიკა მელიამ დანიშნა. ხაბეიშვილი არის მებრძოლი, უშიშარი და არის პიროვნება, რომელსაც მოსახლეობა, ადამიანები, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილები, გაჰყვებიან და თუ ვინმეს გაერთიანება შეუძლია, პარტიის შიგნით და პარტიის გარეთ, რა თქმა უნდა, ეს არის ლევან ხაბეიშვილი“, – განაცხადა ანთაძემ.
კითხვაზე, – „ნიკა მელიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ზურგს უმაგრებენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, ადასტურებთ, რომ ხაბეიშვილის მხარდამჭერები არიან?“ – ანთაძემ აღნიშნა:
„დიახ. მე ერთი რამ ვიცი, ვანო მერაბიშვილზე როდესაც საუბრობს მელია, შეიძლება, პიროვნულად რაღაც პრობლემა ჰქონდეს, არ ვიცი, არ ვაპირებ ჭორაობაში შესვლას. ხე ნაყოფით იცნობა და ნათელია ჩემთვის ყველაფერი. ვანო მერაბიშვილი ციხეში შევიდა, როგორც პარტიის გენერალური მდივანი. ვანო მერაბიშვილს არ აქვს უფლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოხატოს აზრი ან ვინმეს გვერდით დაუდგეს? ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირ უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილს. ვარშალომიძეც მხარს უჭერს ხაბეიშვილს, მეც მხარს ვუჭერ. სიბინძურეს ლაპარაკობენ, თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა მერაბიშვილი. ცოტა აკლიათ, თუ ამ ნარატივს გააგრძელებენ, მალე სისხლიან ცხრა წელს იტყვიან და სააკაშვილს დაგმობენ. დააკვირდით, ვის რევენ ამ სიტუაციაში და ვის გაშავებას ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი წრის. გენერალ თემურ ჯანაშიაზე რომ იტყვი რამეს, ვანო მერაბიშვილზე, ვარშალომიძეზე, შენ საქართველოს მომავალი გინდა? არჩევნებია, მაგრამ ჩარჩოებია დასაცავი.
პარტია სად არის? თავის დროზე ყველა შეცდომაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა, 2012 წელს მოსახლეობამ გასცა პასუხი და გადაიყვანა ოპოზიციაში. მაშინ, როდესაც საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე მოგვიკლეს, ამაზე არ საუბრობენ და საუბრობენ გირგვლიანის ამბავზე. ისედაც ბევრი კრიტიკა და დარტყმა მივიღეთ ამაზე და შეიძლება, სწორად, მაგრამ დღეს დავსხდეთ და 17 წლის წინანდელ ამბავზე ვილაპარაკოთ თუ დღევანდელ ამბებზე, ჩვენი თანამებრძოლის სიკვდილზე?“ – აღნიშნა ანთაძემ.
ამასთან, წამყვანმა შეკითხვა დაუსვა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომ მის სახელს უკავშირდება უმძიმესი საქმეები, მას ჰქონდა კონკრეტული ბრალდებები და მოიხადა ციხეში სასჯელი, რაზეც ანთაძემ განაცხადა, რომ „დანაშაულები სისტემას ჰქონდა“.
„მოიხადა ციხე. შვიდი წელი და ცხრა თვე. რაზე ვილაპარაკოთ. ვანო მერაბიშვილს არ ჰქონდა, სისტემას ჰქონდა დანაშაულები. ვანო მერაბიშვილს არ აქვს უფლება, ხაბეიშვილს დაუჭიროს მხარი? მერაბიშვილმა დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა. წინა პლანზე არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ცვლილებას მოჰყვებიან. პარტიაში კრიზისია, რომელსაც სჭირდება ცვლილება. ცვლილება ხორციელდება ყველაზე დემოკრატიული გზით. მესმის, რომ დაძაბული სიტუაციაა. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩარევას, უკაცრავად, მაგრამ ნუ წაართმევთ უფლებას, მის ჩამოყალიბებულ პარტიაში, მის აშენებულ ქვეყანაში ვიღაცას დაუჭიროს მხარი“, – აღნიშნა ანთაძემ.
კითხვაზე, – „ნიკა მელია რადგან მუდმივად დავით კეზერაშვილს ახსენებს ვანო მერაბიშვილთან ერთად, რა ფორმით არის ჩართული კეზერაშვილი ხაბეიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში?“ – ლევან ანთაძემ განაცხადა:
„ვერ გეტყვით. ამ ადამიანს ერთხელ შევხვდი, 2008 წელს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო. ნამდვილად ვერ გეტყვით და არ მაინტერესებს“.