ლევან ახვლედიანი - მნიშვნელოვანია არა ვადები, არამედ ანაკლიის პროექტი, პოლიტიკური ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, პროექტის განხორციელების პროცესში ვადები მნიშვნელოვანი არ არის და პოლიტიკური ინტერესი ყველამ გვერდზე უნდა გადადოს.
„არაერთხელ მითქვამს, რომ აქ არ არის მნიშვნელოვანი ვადები, მნიშვნელოვანია თვითონ პროექტი და რაც პროექტისთვის არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტი წინ წავწიოთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ვადებზე საუბარი არ არის პროექტის ინტერესებში დღეს, რადგან ის ვითარება, რაც შეიქმნა პროექტის გარშემო ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე, არის აღსანიშნავი, და ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ თუ ვლაპარაკობთ საუკუნის პროექტზე, ვლაპარაკობთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე საქართველოსთვის, მაშინ ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები. დავსვათ შეკითხვა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის“ ,- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთანაც, თუმცა ამ პროცესებზე უფრო ვრცლად ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ალბათ უფრო მასშტაბურ პრესკონფერენციაზე. ამ ეტაპზე ინვესტორების სახელებს ვერ დავასახელებთ, ვისთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. ძალიან რთულია დაარწმუნო რომელიმე ინვესტორი, რომ უზარმაზარი თანხის ინვესტიცია მოხდინოს, განსაკუთრებით ისეთ პროექტში, რომელიც მსგავს ვითარებაშია. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც არის ასევე ძალიან დიდი შეშფოთება.ზაფხულიდან მოყოლებული რამდენიმე ინვესტორთან გვქონდა საუბარი, არაერთმა თქვა უარი ამ პროექტში მონაწილეობაზე, რადგან რთული ვითარებაა და კიდევ გვყავს ერთი ინვესტორი, რომელსაც ახლა ველაპარაკებით. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“ ,- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
რაც შეეხება „კონტი ჯგუფს“, ახვლედიანის თქმით, ისინი რეგისტრირებულ აქციონერებად რჩებიან.
„მათი გასვლის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. შეიძლება, აქვთ ამის სურვილი, მაგრამ დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს, ამ დროისთვის ადგილზე არაფერი ხდება“ ,- აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ანაკლიის კონსორციუმმა“ 31 დეკემბრამდე სრულად უნდა წარმოადგინოს სასესხო ხელშეკრულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი უსასრულოდ ვერ გადავადდება.