ლევან ახვლედიანი - ჩვენ განცხადებას ვადასტურებთ, „კონტი” რჩება რეგისტრირებულ აქციონერად, 42 პროცენტიანი წილის მფლობელად
„კონტი ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩვენს გუშინდელ განცხადებას ვადასტურებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
მისი თქმით, „კონტი ჯგუფი“ პროექტის რეგისტრირებულ აქციონერად რჩება.
„ჩვენ ისევ ვადასტურებთ გუშინდელ განცხადებას. ფაქტები არის შემდეგი – ტრანზაქცია, რომელიც იყო გათვალისწინებული და უნდა დასრულებულიყო ოქტომბრის ბოლომდე, ვერ დასრულდა, არ შედგა, შესაბამისად „კონტი” რჩება რეგისტრირებულ აქციონერად, 42 პროცენტიანი წილის მფლობელად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, „კონტი” რჩება აქციონერად. მათი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით ადრეც იყო ცნობილი, იანვარში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო და სექტემბერში ასევე გასაჯაროვდა მათი გასვლის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებული იყო ზაფხულის პერიოდში. აქედან გამომდინარე მათივე სურვილით, ამ პროცედურების გაგრძელება თავადვე არ მოინდომე. ჩვენ ვთავაზობდით, გაგრძელებულიყო და მათ არ მოინდომეს, მოგვწერეს კონკრეტული მეილი, რომ არ აგრძელებენ ამ ტრანზაქციის ფორმალობებისთვის საჭირო დროს. აქედან გამომდინარე, ტრანზაქცია არ შედგა და ისინი რჩებიან აქციონერად“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, სწორედ ამის საფუძველზე გაკეთდა განმარტება გუშინ „ანაკლიის განვითარების კონსროციუმის“ მიერ.
„დამატებით კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ვაგრძელებთ სხვა ინვესტორებთან მუშაობას, ეს არ გამორიცხავს სხვა ინვესტორებთან მუშაობას. ყაზახურ ფონდ „მერიდიანთან” გრძელდება მოლაპარაკებები, ველოდებით მთავრობის თანხმობას, ასევე არის მოლაპარაკებები ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გაცხადებული გვაქვს და უახლოეს დროში აუცილებლად საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, კონსორციუმმა „კონტი“ ჯგუფის შეტყობინების სწორი ინტერპეტაცია მოახდინა.
ამასთან, ახვლედიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ „კონტიმ“ საკუთარი პოზიცია ასეთი ფორმით დააფიქსირა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.
მოგვიანებით, განცხადება „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფს ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. საქართველოს პირველი არხი „კონტის“ ოფიციალურ წარმომადგენელს, კოლინ ვაიბლს აშშ-ში დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში „კონტი ინტერნეშენელმა“, „კონტი ჯგუფის“ წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი. მიმდინარე ტრანზაქციას კი, სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არც ერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება. „მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.