ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტი მალე უნდა აშენდეს, რომ აბრეშუმის გზის მთავარი მოთამაშის როლი დავიკავოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რაც შეიძლება მალე უნდა აშენდეს, რომ საქართველომ აბრეშუმის გზის მთავარი მოთამაშის როლი დაიკავოს, – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პორტის მშენებლობა 20 დეკემბერს დაიწყება და 2020 წელს ექსპლუატაციაში გაეშვება.
„ჩინური მხარე ძალიან ამბიციურ გეგმებს აცხადებს. დაახლოებით 2 მილიონ კონტეინერს სხვადასხვა კორიდორებით გადმოზიდავენ. ჩვენ შუა კორიდორი ვართ და ამ პოტენციალისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის ქონა აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ანაკლიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ამიტომაც ენიჭება. რაც შეიძლება მალე უნდა მოვახდინოთ ამ პორტის აშენება და გაშვება, რომ საქართველომ აბრეშუმის გზის მთავარი მოთამაშის როლის დაკავება შეძლოს. თუ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება, ამგვარი შესაძლებლობა საქართველოს არ გაუჩნდება. ამისთვის ვმუშაობთ, რომ ეს გეგმები შევასრულოთ და მთავრობაც დიდ აქცენტს აკეთებს, რომ ინფრასტრუქტურა და პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია და აბრეშუმის გზასთან მიმართებაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება ეფექტურად უნდა მოხდეს.