აკაკი ზოიძე - გამოდის, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა და შემსყიდველი, პრაქტიკულად, მძევლად არის აყვანილი
აკაკი ზოიძე - გამოდის, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა და შემსყიდველი, პრაქტიკულად, მძევლად არის აყვანილი

გამოდის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა და  შემსყიდველი, პრაქტიკულად, მძევლად არის აყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა დეპუტატებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლების შეხვედრაზე.

ზოიძის თქმით, ტენდერში კონსორციუმის კონკურენტს პრობლემა იმიტომ შეექმნა, რომ სწორედ იგივე გარანტიას ითხოვდა, რაზეც დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საუბრობს.

„არსებობს მძევლად აყვანის ტაქტიკა. როდესაც გარკვეული შესაძლებლობა იქმნება, შედიხარ ერთი წინადადებით, პრაქტიკულად იმარჯვებ ამ ერთი წინადადებით და მერე ხდება მეორე წინადადების დამატება. რამდენადაც ვიცი და როგორც გვეუბნებიან, ძირითადი ფაქტორი რატომაც მაშინ თქვენმა კონკურენტმა არ მიიღო მონაწილეობა, ვერ გაიმარჯვა თუ პრობლემა შეექმნა, სწორედ ის იყო, რომ იგივე გარანტიას ითხოვდა, რასაც დღეს თქვენი ითხოვთ. დღეს რა გამოდის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და პრაქტიკულად შემსყიდველი არის მძევლად აყვანილი. მე არ ვაკრიტიკებ სახელმწიფოს, რატომ ცდილობს ამ პროექტისთვის მაქსიმალურის გაკეთებას“, – მიმართა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ შეხვედრაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელს, ლევან ახვლედიანს.

დეპუტატს ახვლედიანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ტენდერის პირობების თანახმად, სხვადასხვა საკითხი მოლაპარაკებას ექვემდებარებოდა.

„ტენდერის პირობები იყო ძალიან მარტივი. იყო ხელშეკრულება, რომლის დასაწყისშიც ძალიან დიდი ასოებით, წითლად ეწერა – ამ ხელშეკრულების ყველა პირობა არის მოლაპარაკებადი, გარდა ერთისა, ხელშეკრულება მართული უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით. დანარჩენი პირობა ყველა მოლაპარაკებადი იყო. ჩვენ, კონსორციუმმა, გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით ამ მოლაპარაკებებში, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, არ შესულიყვნენ. ამიტომ არ მგონია, კონკურენტებს ჰქონოდათ ამის შესახებ პრეტენზია. მაშინ უნდა მიეღოთ მონაწილეობა პროცესში და თუ უკეთეს პირობებს დადებდნენ და მოელაპარაკებოდნენ, გავიდოდნენ ისინი. არც იმას მივესალმები, რომ ჩვენ მძევლად ავიყვანეთ სახელმწიფო, ეს არის არასამართლიანი განცხადება, ძალიან კორექტულად რომ ვთქვათ, ვინ ვინ აიყვანა მძევლად, ეს კიდევ საკითხავია“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით გაიმართა.