ლევან ახვლედიანი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, წინ გადავდგათ ნაბიჯები კონსტრუქციულად, მთავრობასთან ერთად, რათა პროექტი შედგეს
ლევან ახვლედიანი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, წინ გადავდგათ ნაბიჯები კონსტრუქციულად, მთავრობასთან ერთად, რათა პროექტი შედგეს

არის კონკრეტული საკითხები, რომელიც ერთობლივი ძალებითაა გადასაჭრელი და ამის მოგვარებას მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ შეძლებს, საჭიროა მთავრობის ჩართულობა, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, ახვლედიანი არ საუბრობს კონკრეტულ ვადებზე, შესრულდება თუ არა ვალდებულებები წლის ბოლომდე.

„ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, განსაკუთრებით ინვესტორებთან მოლაპარაკებების გათვალისწინებით და ა.შ, ამ საკითხების გადაჭრა მოხერხდება. ეს არის მოლოდინი. წლის ბოლომდე მოესწრება თუ არ მოესწრება, ვადებზე არ ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, ვადებზე და ბოლო შანსებზე საუბარი არის არაკონსტრუქციული. სჯობს, ერთობლივი ძალებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავაკმაყოფილოთ ბანკების მოთხოვნები, ოპერატორთან შესათანხმებელი რაც არის და ზოგადად, პროექტის გარშემო არსებული ღია საკითხები, რათა შევძლოთ პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დიდი ძალისხმევა და თანხები დახარჯა პროექტის განხორციელებისთვის.

„ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებდით, იყო გარკვეული დაბრკოლებები წლის განმავლობაში. ყველამ იცის, რამაც შეგვიშალა ხელი. მაგრამ დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, წინ გადავდგათ ნაბიჯები კონსტრუქციულად, ერთობლივად მთავრობასთან ერთად, რომ ეს პროექტი შედგეს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი ინფორმაციით, შესაძლო ინვესტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

„ყაზახური ფონდი „მერიდიანი“ ელოდება საქართველოს მთავრობის თანხმობას, რომელიც 29 ოქტომბერს უნდა მოვიდეს. რაც შეეხება ამერიკულ ფონდს, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. იყო წერილის საკითხი, რომელიც არ გაგზავნილა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ მოლაპარაკება გრძელდება. მათ ასევე აქვთ კომუნიკაცია მთავრობასთან და იმედს ვიტოვებ, უახლოეს დროში, გვექნება გარკვეული სიახლეები და შევძლებთ შეთანხმებას“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.