ლევან ახალაია - უცხოურ მედიაში არსად შემხვედრია ინტერვიუ კორონავირუსით ინფიცირებულთან, ისინი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ, პანიკა არ გამოიწვიონ
მსოფლიო მედიაში არ არის ისეთი პანიკა, როგორიც პირველ დღეებში იყო ჩვენს მედიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, საქართველოს პირველი არხის საერთაშორისო ამბების მიმომხილველმა, ლევან ახალაიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მსოფლიო მედია ძალიან ყურადღებით აკვირდება კორონავირუსს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ახალია და ჯერჯერობით, მისი წამალი, ვაქცინა და არანაირი სამკურნალო საშუალება არ არსებობს. სწორედ ამიტომ არის მედიის ამდენად დიდი ყურადღება. მსოფლიო მედია, ისევე, როგორც ქართული მედია, აშუქებს გარდაცვალების ფაქტებსაც. მაგალითისთვის, BBC-ის აქვს LIVE გვერდი, რომელზეც ყოველდღე, სისტემატურად ანახლებს ინფორმაციას, თუ სადმე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არ არის ისეთი პანიკა, როგორიც პირველ დღეებში იყო ჩვენს მედიაში. ჩვენ ყველა ველოდებოდით, როდის გავრცელდებოდა ვირუსი; შემდეგ იყო მოლოდინი, რა მოხდებოდა, როცა გავრცელდება და ა.შ.“ – განაცხადა ლევან ახალაიამ.
ამ განცხადებით ლევან ახალაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ტენდენციებია მსოფლიო მედიაში და რაზე კეთდება ძირითადი აქცენტი კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გაშუქებისას.
როგორც საერთაშორისო ამბების მიმომხილველმა აღნიშნა, მსოფლიო მედია აქცენტს არ აკეთებს მხოლოდ გარდაცვალების ფაქტებზე და ყურადღებას ამახვილებს ვაქცინებზე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაწყებულია სამკურნალო საშუალებების გამოცდა.
„ასევე, მე სხვადასხვა ქვეყნის ბევრ არხს ვუყურებ და უცხოურ მედიაში ჯერჯერობით, არსად შემხვედრია ინტერვიუ მაგალითად, ინფიცირებულთან ან შესაძლო ინფიცირებულთან. ისინი უფრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ, ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობიან და ცდილობენ, პანიკა არ გამოიწვიონ“, – განაცხადა ლევან ახალაიამ.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ჟურნალისტები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, მსოფლიოში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებას პოზიტიური ინფორმაციაც მიაწოდონ.
„ასეთი ბევრია. პირველ რიგში, ისევ და ისევ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ის, რომ ეს ვირუსი უმრავლეს, 80 პროცენტში ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, არანაირი გართულება არ აქვს. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით, ორიდან სამ პროცენტამდე მერყეობს და სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი სხვა ვირუსებს გაცილებით მეტი აქვს. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ პანიკას. თუმცა, ამასთან ერთად, ეს ყველაფერი გაშარჟების, ცინიზმის, ირონიისა და დაცინვის საგნად არ უნდა ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ისეთი საშიში არ არის, როგორც სხვა ვირუსები, მაინც აუცილებელია, მიწოდებული იყოს ზომიერი, მაგრამ სწორი ინფორმაცია და ეს ხუმრობად არ უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ლევან ახალაიამ.