ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, სადეზინფექციო სამუშაოები და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს დილიდან სპეციალური ხსნარებით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სოფელ მელეში. ეს ის სოფელია, სადაც გუშინ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სოფლის 50 ოჯახში სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე პერიმეტრი.
სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად, უკვე დასრულდა სოფლის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. როგორც საქართველოს პირველი არხს ჟურნალისტი ადგილიდან იწყება, თერმოსკრინინგის შედეგად გამოვლინდა ორი საეჭვო შეთხვევა. კერძოდ, ორ ადგილობრივ მკვიდრს შედარებით მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც, იზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ და მათ მდგომარეობას მედიკოსები დააკვირდებიან.
ამასთან, მუნიციპალიტეტში დილიდან შეუფერხებლად მუშაობს სასურსათო მაღაზიები. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დისტრიბუციის პრობლემა მუნიციპალიტეტში არ იქნება და პროდუქტების შეტანა უსაფრთხოების ზომებისა და რეკომენდაციების შესაბამისად მოხდება.
ლენტეხში სრული საკარანტინო რეჟიმი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტი სამკურნალოდ თბილისშია გადმოყვანილი.