„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი განცხადებით სიტუაცია გაამწვავა
„ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე მან მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, „ლელოს“ საერთო პოზიცია წარადგინა და აღნიშნა, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი არის მომავალი არჩევნების გერმანული საარჩევნო მოდელით ჩატარება.
„დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობისა და არასტაბილურობის კერების შექმნა.
სავალალოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც თავად შექმნა არსებული პოლიტიკური კრიზისი, დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. არ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანა არეულობისთვის გაწიროს.
„ვინაიდან ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა შეგნებულად დაარღვია, მოძრაობა „ლელო“ ამ ვითარებაში, ერთადერთ გონივრულ გამოსავლად მიიჩნევს მომავალი არჩევნების ჩატარებას გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამ მოთხოვნით „ლელო“ აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თემა დახურულია და 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება.