ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დააინიცირებს
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დააინიცირებს.
საკითხზე პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გასული ცხრა წლის მანძილზე, წლიდან წლამდე, ქვეყანაში კორუფციის პრობლემა ღრმავდება. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, საქართველოში კორუფციის მასშტაბი იზრდება, რაც ქვეყნის მომავალს და განვითარებას საფრთხეს უქმნის.
„ასეთი კანონპროექტი რომელიმე წინა პარლამენტს რომ მიეღო, შესაძლოა, მძლავრი მექანიზმები გვქონოდა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ცხადია, როცა ეს პრობლემა გაღრმავდა, დღის წესრიგში უფრო აქტუალური გახდა მსგავსი კანონპროექტის მიღება. ვაპირებთ, რომ ეს კანონპროექტი დავაინიციროთ და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მოვიპოვოთ. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს პოლიტიკური ნება, კორუფციას ებრძოლოს, მაგრამ კორუფციაზე, როგორც სერიოზულ გამოწვევაზე, საუბრობენ ჩვენი პარტნიორები. ამ კანონპროექტის ინიცირებით კიდევ ერთხელ გამოჩნდება „ქართული ოცნების” რეალური სახე. როცა მათი ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს კორუფციაზე, მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ქვეყნის ფართომასშტაბიანი კორუფციის პრობლემა”, – განაცხადა სამადაშვილმა.
საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ დააინიცირეს, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.